პოეზია

გივი  ჩიღვინაძე – წაუკითხეთ  პატარებს

—————————-

რითმოცანები

როცა თოვს, ყინავს, ქარი ქრის
და ბინები გვაქვს დამთბარი,
აბა, ბავშვებო, წლის ამ დროს,
რა ეწოდება?   …………..
                                 ზამთარი

თავის მაქებარი ბავშვი,
გეყოლებათ ნანახი,
კვეხნასა და ბაქიობას,
კიდევ ჰქვია…………
                           ტრაბახი

დავთესე, მოვმკე, გავლეწე,
დავფქვი, – ბრუნავდა ბორბალი,
მოვზილე, პური დავაცხვე,
რა მოვიყვანე? ……………………..
                                    ხორბალი

როცა დადგა გაზაფხული
და მერცხლები დაგვიბრუნდნენ,
ტალახით და ჩალა-ბულით
თქვით, რა აიშენეს? …………………..
                                          ბუდე

კლასში გვაქვს და იმის ნახვას
არ სჭირდება დიდი ჯაფა,
მასზე ცარცით ვწერთ და ვხატავთ,
აბა, რა იქნება? ………………………..
                                              დაფა

ხაზიანიც გვაქვს, უხაზოც,
წიგნებში შემორეული,
მის ფურცლებზე ვწერთ და ვხატავთ,
აბა, რა არის? …………………….
                                       რვეული

მოზრდილ დასახლებულ ადგილს,
სახლებს ლამაზად მოფენილს
ბაღ-ვენახებით, ბოსტნებით,
რა ეწოდება? ………………………..
                                         სოფელი

თავის დაბადების დღეზე
ახალ კაბას ელის ლილი,
საყელოზე დაუკერეს
სამი ვარდისფერი  ……………….
                                            ღილი

ქსოვილთა შემადგენელი,
მიღებულია დართვით,
მუდამ ნემსს ადევნებული,
აბა, რა არის?  …………………..
                                           ძაფი

ზეცის დასალიერამდე, _
ცის ნაპირს რომ სწვდება კორდი, _
ჩვენი მზერით გავლებულ ხაზს
ეწოდება  ……………………….

                           ჰორიზონტი

მწიფე მარცვლებს კალათში ვყრით,
ლამის წვენმა გამოჟონოს,
ვარდისფერი ნაყოფი აქვს,
მაყვალსაც ჰგავს, ჰქვია  ……………..
                                          ჟოლო

Leave a Reply