პროზა

გია ხუბუა-მოთხრობები

შეხვედრა საოპერაციოში

(მიტევება)

          ის იყო, რთულად მიმდინარე ოპერაცია დაამთავრა და დერეფანში გამოვიდა, როცა თანამშრომელმა მოუბოდიშა, მკლავზე ხელი გამოსდო და შეაყოვნა. დაქანცულმა უხალისოდ მოუსმინა. კარგი,  ხვალე მოიყვანე ნაშუადღევსო, უთხრა პასუხად. თავის კაბინეტში განმარტოებული სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, დგომისგან დაღლილი ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოაწყო, შვებით ამოისუნთქა. ნახევარი საათი ქუთუთოებდამძიმებული იჯდა, ყვინთავდა, კინაღამ ძილი მოერია, მერე თავს სძლია, თვალი ფართოდ გაახილა, პოზა შეიცვალა. თანამშრომლის ნათქვამმა შეახსენა თავი, სათხოვარი შეეხებოდა მისი ნათესავის, „მედიცინის სფეროში ცნობილი კაცის“ გულის ოპერაციას. სახელი და გვარი თითქოს გაეგონა, თუმცა შეგრძნება იმდენად ბუნდოვანი იყო, ალბათ ვერ გაიხსენებდა და არც უწვალებია მეხსიერება.

          გვიან საღამოს ისევ გაახსენდა „მედიცინის სფეროში ცნობილი კაცი“. მისი სახელი და გვარი კვლავ არაფერს ეუბნებოდა. სანამ დასაძინებლად დაწვებოდა, ცოლს ჰკითხა –  რომან ლუტიძე ხომ არ იცი, ვინ არისო. თამაზ ლაშხის მეუღლეც ექიმი გახლდათ და, როგორც ხდება ხოლმე, დარგში მომუშავე ბევრად მეტ ადამიანს იცნობდა, ვიდრე ქმარი. მზერაში ფიქრარეკლილმა ქალმა დაყოვნებით მიუგო – ასეთი არავინ ვიციო.

          მომდევნო ოპერაცია მეორე დღეს დილის 11 საათზე იყო დანიშნული (ისე, ერთი პროზაიკოსის ნათქვამისა არ იყოს, 11 საათი არც დილაა და არც შუადღე). პაციენტს გულის სარქველზე ჰქონდა პრობლემა, გამოცვლა იყო დაგეგმილი, მაგრამ არ დასჭირდა.  კუნთი აღმოჩნდა გაწყვეტილი, გაკერა, აღადგინა და დამხმარე ქირურგს დარწმუნებით უთხრა – ეს სარქველი ცხოვრების ბოლომდე მოემსახურებაო.

        ადრე დასრულებული, წარმატებული ოპერაციით კმაყოფილმა ყავა დალია, გააბოლა, ცოტა დაისვენა, რის შემდეგ გუშინდელი შეპირება გაახსენდა  და თანამშრომელს დაურეკა – უკვე თავისუფალი ვარ, შეგიძლია მოიყვანო ავადმყოფიო.

        პაციენტი 74 წლის საშუალო სიმაღლის სუსტი მამაკაცი იყო. სახის ნაკვთები კარგი ჰქონდა, მაგრამ ასაკი ზომაზე მეტად დასტყობოდა; კანი დასჭკნობოდა, ავადმყოფური იერი დაჰკრავდა.  თამაზმა მის ანალიზებს გაადავლო თვალი, მერე ქაღალდების ფურცვლას თავი ანება და კიდევ ერთხელ შეხედა. მოკლეზე შეკრეჭილი თეთრი თმა… ნაოჭების ბადეში ჩამჯდარი თაფლისფერი თვალები,  დამფრთხალი მზერა…  

          უცნობი იყო, ალბათ არასდროს შეხვედრია. მისთვის ოპერაცია სხვას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ქირურგი თვითონ გამხდარიყო ავად და უახლოეს კვირებში  ვერ იმუშავებდა. თამაზს არ უყვარდა, სხვის პაციენტს რომ გადმოაბარებდნენ, მაგრამ თანამშრომლის ხათრიც ჰქონდა. ანალიზებს არა უშავდა, შეიძლებოდა დამაკმაყოფილებელად მიეჩნია,  ასაკიც არ იყო მთლად კრიტიკული – უფრო ხანდაზმულებისთვისაც წარმატებით გაუკეთებია გულის სისხლძარღვების შუნტირება, მაგრამ… 

        კოლეგა მიუხვდა, რომ ყოყმანობდა და დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში დასახმარებლად პაციენტის რეგალიები ახსენა – სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტია, ლათინური ენის საუკეთესო მცოდე საქართველოში, მიმღები საგამოცდო კომისიის მუდმივი წევრიო.      

        სამედიცინო ინსტიტუტის ხსენებამ იმპულსივით გაირბინა თამაზის ტვინში. დაკვირვებული მზერა ესროლა პაციენტს. „ლუტიძე“… გარეგნობაზე მეტად გვარმა წამოიწია წინ. „ლუტიძე, ლათინური ენა“… ცოტაც და იქნებ გახსენებოდა დავიწყებისთვის მიცემული  მოსაგონარი, მაგრამ პასუხის მეტი გაჭიანურება უხერხული ეჩვენა და საქმეზე გადაერთო.

       – კარგი, დავაწვენ ორშაბათს, – თქვა ფიქრიანად. –  ოღონდ ანალიზების გაკეთებიდან თვეზე მეტია გასული, ამიტომ სასურველია ზოგიერთი ანალიზი გადამოწმდეს. დროის მოსაგებად სჯობს ამ კვირაში გაკეთდეს…

       – რა პრობლემაა.

       გადასამოწმებელი ანალიზები ქაღალდზე ჩამოწერა და  გაუწოდა.   

                                                              *      *      *

        თამაზი მაშინ ცხრამეტი წლის ბიჭი იყო. ხელმეორედ აბარებდა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. წინა წელს ორი ქულა დააკლდა ჩასარიცხად, იმ წელს კი ქიმიაში, ბიოლოგიაში და ქართულში  უმაღლესი ნიშნები მიიღო, ოცნების ასახდენად ბოლო გამოცდაზე სამიანიც ჰყოფნიდა. მართალია, ინგლისურში რეპეტიტორთან არ უვლია, თუ არ ჩავთვლით დამატებით გაკვეთილლებს, მეათე კლასში სკოლის მასწავლებელი რომ უტარებდა, მაგრამ ბეჯითმა ჭაბუკმა  პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი კიდევ ერთხელ გაიარა დამოუკიდებლად, ინგლისური საკმაოდ კარგად იცოდა  და გამოცდის ჩაბარება არ უნდა გასჭირვებოდა.

        გამოცდას ხანდაზმული, ჭაღარათმიანი ქალი უტარებდა კომისიის ორ სხვა წევრთან ერთად. რამდენიმე შეკითხვის შემდეგ აბიტურიენტის პასუხით კმაყოფილმა ქალმა თამაზს უთხრა:

        – თქვენ უკვე ჩააბარეთ გამოცდა სამიანზე, თუ უფრო მაღალი ნიშანი გინდათ, გავაგრძელოთ გამოცდა…

        – სამიანი მყოფნის, – მიუგო გახარებულმა თამაზმა.

        – თუ გყოფნით, ძალიან კარგი, – კეთილმოსურნედ თქვა გამოცდელმა, რომელიც საგამოცდო ორომტრიალს მეტად დაეღალა.  

        ქალი გამოცდის ოქმის გაფორმებას შეუდგა. ნელი ხელი ჰქონდა, აუჩქარებლად ავსებდა საბუთს. ბედნიერ თამაზს საგამოცდო ფურცელი ხელში ეჭირა და მოუთმენლად ელოდა საოცნებო ჩანაწერს. ერთი სული ჰქონდა გარეთ გავარდნილიყო და საგულშემატკივროდ მოსული ახლობლებისთვის ტავისი წარმატება ეხარებინა. ის იყო, ქალმა საგამოცდო ფურცელი გამოართვა, რომ ოთახის კარი ენერგიულად შემოაღო საშუალო აღნაგობის სახეგაოფლილმა კაცმა, სალამიც არ უთქვამს, ისე დაადგა თავს  გამომცდელებს.  

       – თქვენი გვარი? – ჰკითხა აბითურიენტს, როცა უთხრეს სამიანზე ჩააბარაო.

       რაღაც ფურცელს დახედა და ხელახლა დაუწყო გამოკითხვა. პირველი კითხვა ადვილი იყო და ეგრევე უპასუხა. მერე კითხვაზეც არ გასჭირვებია პასუხი, მესამეზე კი შეყოყმანდა…

        – აბიტურიენტი, რომელმაც ეს საკითხი არ იცის, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ვერ გახდება! – მკაცრი ტონით თქვა შემოსულმა და საგამოცდო ფურცელში ორიანი ჩაუწერა.

        სიტუაციის უეცარი შემობრუნებით დაბნეულმა, სახეწამოჭარხალებულმა თამაზმა ხმა ვერ ამოიღო. გამომცდელი ქალიც დუმდა, უხერხულად თავდახრილი.                 

        ვინ იცის, თამაზსა და მის მშობლებს მომდევნო წლებში რამდენჯერ ემოციურად მოუყვიათ ეს ისტორია, რომელსაც გაგრძელებაც ჰქონდა. აშკარა იყო საგამოცდო წესების დარღვევა და ახლობლების რჩევით თამაზმა საჩივარი შეიტანა, რა დროსაც მამაც ახლდა, რომელიც საჩივრების განმხილველ კომისიას დაემუქრა – თუ სამართლიანობას არ აღადგენთ, მთავრობაში გიჩივლებთო. მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. ეგ იყო, ჰპირდებოდნენ, მომხდარი მომავალ წელს გათვალისწინებული იქნებაო, მაგრამ თამაზი ისე იყო გაბრაზებული, ლამის საერთოდ უარი ეთქვა ექიმობაზე.

       ბეჯითმა და მტკიცე ხასიათის თამაზმა ინგლისურში ცოდნა გაიღრმავა და მომდევნო წელს ახალგახსნილ ე. წ. ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა გამოცდა. უნივერსიტეტი ინგლისურენოვანი იყო. ხუთი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შტატებში გააგრძელა სწავლა. ორდინატურა იქ დაასრულა,  კარდიოქირურგის კვალიფიკაცია მიიღო და ათი წელი იმუშავა ატლანტის ცნობილ კლინიკაში ჯერ ქირურგის თანაშემწედ, მოგვიანებით კი ქირურგად. გულის სისხლძარღვთა შუნტირების ასეულობით წარმატებული ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და არაერთი ავადმყოფის სიცოცხლე იხსნა.

*       *       *   

         უსამართლობა ძალიან განიცადა მაშინ. გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა და გარედან შემოსულს არ ჰქონდა კითხვების დასმის უფლება. არც უნდა ეპასუხა, მაგრამ აბიტურიენტის გამოუცდელობით ისარგებლა, იოლი კითხვით შეიყოლია, გამომცდელმა ქალმა კი ვერ გაბედა მისი დაცვა. ჩამჭრელი კითხვა ეხებოდა ორმოქმედებიან ზმნას Fetch. უნდა მოეყვანა საგნის აღმნიშვნელი წინადადება, სადაც ქვემდებარეზე გადადიოდა ამ ზმნით გამოხატული მოქმედება.  დრომ თავისი ქნა, განცდა თანდათან გაუნელდა, წლების შემდეგ დავიწყებას მიეცა. ათასში ერთხელ თუ გაიხსენებდა სასხვათაშორისოდ, უემოციოდ. ხოლო სახე იმ კაცისა, რომელმაც წინასწარგანზრახვით  ჩაჭრა გამოცდაზე, საერთოდ წაიშალა მისი მეხსიერებიდან. მისი გვარიც თითქოს მყარად ჰქონდა დავიწყებული, მაგრამ პაციენტის ხსენებაზე ხელახლა ამოცურდა მეხსიერების ფსკერიდან. „ჰო, მგონი ლუტიძე იყო ის კაცი“. ჰგავდა კი სახით? დაბეჯითებით ვერ იტყოდა, მაგრამ აღნაგობით მიამსგავსა. ასაკის გათვალისწინებით, რასაკვირველია, სრული მსგავსება ვერ იქნებოდა. სამედიცინო ინსტიტუტი, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გვარი, გარეგნობა, ასაკი… ამდენი დამთხვევა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაესკვნა:

       „ჰო, ის იყო!“

       საღამოს ცოლს მოუყვა ახალი პაციენტის შესახებ. ქალი გაამხიარულა ამ ამბავმა.

       – შურისძიების დიდებული შანსი მოგცემია!

       – რა შურისძიება! რის შურისძიება! 

       – არაა ღირსი?!

       – ხომ იცი, რა ხდებოდა იმ დროს, როგორ ირიცხებოდნენ სამედიცინოზე.

        – მერე?! საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არაა პასუხისმგებელი?!

       – მოადგილე შემსრულებელია და მეტი არავინ, ზევით ორი-სამი კაცი წყვეტდა ყველაფერს.

       – გაამართლე, გაამართლე…

       – ისე, მაშინ რომ ჩავრიცხულიყავი, დღეს ალბათ რიგითი თერაპევტი ან კარდიოლოგი ვიქნებოდი.

       – ამ ლოგიკით დამსახურება ჰქონია. უფასოდ გაუკეთე ოპერაცია! – ცინიკურად ჩაიცინა ქალმა. – ჩემებს უნდა მოვუყვე ეს ამბავი.

       – ძალიან გთხოვ, არავის უთხრა, არაა შენი საქმე. თვითონ ვეტყვი ოპერაციის შემდეგ.

       .         .         .         .        .

       ოპერაციის დღეს ცდილობდა არ ეფიქრა პაციენტზე და სამი ათეული წლის წინანდელ შეხვედრაზე, მაგრამ თავს ვერ ერეოდა, გამოცდის სცენა უნებურად შეახსენებდა თავს. ახლა თითქოს ხელახლა იდგა გამოცდის წინ. ახლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაჭრილიყო. არ ჰქონდა ამის უფლება.

       ოპერაცია  წარმატებით დასრულდა. ერთ კვირაში პაციენტი კლინიკიდან გაეწერა. თამაზს მისთვის, არც ოჯახის წევრებისთვის სიტყვა არ დაუძრავს აქ მოთხრობილ ისტორიაზე. ავადმყოფს რეაბილიტაციის რთული პერიოდი უნდა გაევლო,  უარყოფითი ემოცია მისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნებოდა.

        ცოლმა ჰკითხა:

– გაახსენე იმ კაცს, გამოცდაზე  ძალად რომ ჩაგჭრა?.. საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა?.

        – არ მითქვამს, – მიუგო თამაზმა.

        – რატომ არ უთხარი?

        – ექიმი ხარ და თავადაც იცი, რატომაც.

        – დიდსულოვნად მიუტევე არა?! ოჯახის წევრებისთვის მაინც უნდა გეთქვა.

        – ვინც მოიყვანა, იმ ექიმს კი მოვუყევი.

        – მეეჭვება, – ცოლმა დაკვირვებით შეხედა.

        – უსაფუძვლოა შენი ეჭვი.

        სინამდვილეში არც თანამშრომლისთვის უთქვამს. ხანდახან კი დააპირებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავი შეიკავა, ბოლომდე დაინდო.

        სიამოვნებდა იმის გაფიქრება, რომ სძლია ცდუნებას. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა, ვიდრე ათწლეულების წინათ.   

მორზე ამხედრებული კაცი

(კოტე ჭილაიას)

         გზიდან გადავარდნილ ღია ძარიან „ხეტყემზიდს“ ათიოდე მეტრი ბორბლებზე ევლო, შემდეგ კი რამდენჯერმე გადაბრუნებულიყო და ზედ ენგურის პირას გვერდულად ეგდო. მანქანა ხაიშიდან ზუგდიდისკენ მოდიოდა წიფლის ვეება მორებით დატვირთული. ფოლადის გვარლი, რითაც ხეები ძარაზე იყო დაკრული, ეტყობა, სულ ბოლოს გაწყდა, მორები ხევის ძირში ლოდებს შორის გაჩხერილი ეყარა.

        ხაიშელმა მეტყევეებმა ეგრევე იცნეს  მანქანა, რომელიც დილით ადრე გამოვიდა ტყიდან.

        – ვაიმე, გუგუტა გადავარდნილა!

        – ჰო, გუგუტას მანქანაა!

        – ვახ, ეს რა დამართია!

        – ვაიმე, გუგუტა, რა კარგი ვაჟკაცი!

        – ჩვენი უღალატო ძმა!

        – აგერ, სად გადაჩეხილა!

        – ამის დედა ვატირე, გზა ჩაჰქცევია!

        – ასეთი გამოცდილი შოფერი რაფერ გადავარდა-მეთქი, არ გამიკვირდა?!

        – ეჰ, რა ფეხზე გამოსულა ამ დილით!

        – ეგება ცოცხალია!

        – ღმერთმა ქნას, მაგრამ…

        ახალგაზრდები მარდად დაეშვნენ ციცაბო ფერდზე, მათ მეტყევეთა ბრიგადირი, ხანდაზმული  ჯობე გაბლიანიც მარჯვედ მიჰყვა. 

        მანქანა წინა დღეს დაიტვირთა, მაგრამ რადგან საღამო მოწეული იყო, გუგუტა არქანიამ სიბნელეში სიარული არ გარისკა, მეტყევეთა კარავში გადაითენა. ღამე შფოთიანი გამოდგა: ის იყო, ჩაეძინა, რომ მიწა იძრა, მერე ხანმოკლედ, მაგრამ კოკისპირულად იწვიმა. მიწის შექანება არ იყო ძლიერი, არც გაუგია, მხოლოდ ჭექა-ქუხილზე გამოეღვიძა. კარგი ვქენი, რომ არ წავედიო, გაიფიქრა. გამთენიისას ცა მოწმენდილი იყო, მზიანი დღე დგებოდა და გუგუტაც დაიძრა. სანამ გზაზე არ გამოვიდა, ძალზე ნელა მოჰყავდა მანქანა, მერე ცოტა უმატა სიჩქარეს, მაგრამ კვლავაც ძალიან ფრთხილობდა. წლები იყო, რაც ხეტყე დაჰქონდა სვანეთიდან, საკმაო გამოცდილება დაჰგროვებოდა და კარგად იცოდა მთის გზის სიმუხთლე. მარცხენა მხარეს ალაგ-ალაგ კლდის ჩამონაშალი ეყარა, ამიტომ იძულებული ხდებოდა, მარჯვნივ აეღო საჭე. ასეთ დროს უკიდურესად იძაბებოდა და გვერდითა სარკიდან ყურადღებად ქცეული უყურებდა კიდეს, ციცაბოდ რომ ეშვებოდა ძირს. თავდაღმართზე მომავალს  ქვემოთ ნაკლები წინააღმდეგობის იმედი ჰქონდა, მაგრამ მისი ოპტიმისტური ფიქრები მანქანის უეცარმა გადაქანებამ გაწყვიტა. გზის კიდემ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიქცა. გუგუტა მთელი ძალით ეცადა, გაესწორებინა საჭე, მაგრამ უმალ  მიხვდა, რომ ასე მანქანა გადაბრუნდებოდა, რასაც საბოლოოდ მაინც ვერ გადაურჩა. ელდანაცემმა ენგურისკენ დაქანებული  მანქანიდან გადახტომა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო, თავში რაღაცამ გაუზრიალა და გაითიშა…

          მძღოლი კაბინაში იპოვეს თავგახეთქილი, სისხლიანი. მკვდარი იყო. მის გამოყვანას კაბინიდან ნახევარ საათზე მეტი მოანდომეს. მარცხენა კარი ქვევით იყო მოქცეული, მარჯვენა კი ვერაფრით გააღეს. ისღა დარჩენოდათ, საქარე შუშის ღიობიდან ეცადათ. წარმოსადეგი აღნაგობის გუგუტა ძლივს გამოიყვანეს და მიწაზე დაასვენეს. საბრალოს სისხლი შეშრობოდა, თვალთა უპეები საშინლად შეშუპებოდა და ჩაშავებოდა. მეტყევეებმა ქუდი მოიხადეს, პირჯვარი გადაიწერეს და მიცვალებულის წინაშე მოწიწებით დახარეს თავი.

                                                                 *    *    *

          ზევით მანქანის ხმა გაისმა და წუთის შემდეგ „უაზის“ მარკის მიკროავტობუსი გაჩერდა, საიდანაც ხაიშის უბნის მილიციელები ჭკადუა და ნიგურიანი გადმოვიდნენ. მათ ახლდა ჭაღარათმიანი ქალი – სოფლის ექთანი. ჯერ გზისპირა ადგილი დაათვალიერეს, რის შემდეგ ფრთხილად ჩავიდნენ დაბლა. მილიციელებმა შეკრებილებს უხმოდ ჩამოართვეს ხელი, ხოლო ექთანი, რომელსაც სახეზე მწუხარება აღჰბეჭდოდა, პირდაპირ გვამთან მივიდა.

          მეტყევეები მოუყვნენ მოსულებს, რაც და როგორ იყო. მილიციელებმა ავტოსაგზაო შემთხვევის აქტის შესადგენად დაღუპულის ვინაობა და სადაურობა დააზუსტეს, სხვა საჭირო ინფორმაცია ჩაიწერეს.

         – ქაღალდებზე ხელმოსაწერად ჩვენთან ერთი მოსვლა მოგიწევთ, – თქვა ჩინით უფროსმა მილიციელმა ჭკადუამ.  

         – რა პრობლემაა, მოვალთ, – უთხრა ჯობემ, – მაგრამ ჯერ ცხედრის ოჯახში გადასვენებაში უნდა დაგვეხმაროთ.

         – დაგეხმარებოდით, აბა რას ვიზამდით, მაგრამ ახლა ვერაფერს გავაკეთებთ, გზა ჩაკეტილია.

         – ჩაკეტილი?! სად? – ცოტა არ იყოს, გაიკვირვეს მეტყევეებმა.

         – აქედან ოთხ-ხუთ კილომეტრში. წუხელ კლდის იმხელა მასა ჩამოწოლილა, გაწმენდას ბულდოზერით და კაი მუშაობით ორი კვირა მაინც დასჭირდება. ჯერ დაწყებულიც არ არის და სანამ საგზაო ამოძრავდება, კიდევ ერთი-ორი დღე გაივლის.

        – ვახ, აბა რა უნდა ვქნათ?! – ჯობეს მიმართეს მეტყევეებმა.

        – სისხლი მობანეთ, გააპატიოსნეთ, –  დინჯად მიუგო ჯობემ. – გადასვენებაზე რამეს მოვიფიქრებთ.

         მილიციელების წასვლის შემდეგ მეტყევეებმა პატარა მსჯელობა გამართეს. რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა. შეიძლებოდა, ცხედარი ხერგილამდე მანქანით მიეყვანათ, მერე ხელით გადაეტარებინათ ჩაკეტილ მონაკვეთზე. მაგრამ მილიციელების თქმით, გზა ას მეტრზე მეტ სიგრძეზე იყო ჩახერგილი. ქვა-ლოდებზე რამდენად იყო შესაძლებელი გარდაცვლილის ხელით ტარება? გამოსავლის ძიებაში ისიც კი თქვეს – დროებით, გზის გახსნამდე აქ მივაბაროთ მიწას და მერე გადავასვენოთო. საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ, რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოვარდა. 

        – ბედან! – ჯობემ განზე გაიხმო ყველაზე ახალგაზრდა მეტყევე. – დრო მიდის, ოჯახს უნდა შევატყობინოთ. შენ ყველაზე მარდი ხარ ჩვენს შორის. ახლავე უნდა წახვიდე. ხერგილს რომ გადაივლი, შეიძლება რამე მანქანა შეგხვდეს, თუ არადა, საღამომდე ფეხითაც  ჩახვალ ჯვარში. იქიდან  5-6 კილომეტრია გუგუტას სახლამდე. ჯვარში მანქანას აიყვან და უცებ მიხვალ. სოფელ ჩქვალერიდანაა გუგუტა, ნამყოფი ვარ მასთან.

        – კარგი, – ყოყმანით დაეთანხმა ბედან.

        – ა, ხუთმანეთიანი მანქანისთვის. ახლა კი ყურადღებით მომისმინე და რასაც გეტყვი, ოჯახს გადაეცი. პასუხიც დროულად შეგვატყობინე. 

                                                                *    *    *

        შქერის უსიერიდან ფრთხილად გამოყო თავი ბებე ჯუმუტიამ. მიდამო დაზვერა და მდინარისკენ ჩაიდაბლა. ხუბერზე წყალმოვარდნას ჩაევლო, დაკლებული მიედინებოდა. ნაპირებს ჯერაც შერჩენოდა ღვარცოფის კვალი –  ბუჩქებში გაჩხერილი ხეები, ტოტები, ნაგავი. ბებე დიდ ქვაზე დადგა, მარჯვენა ხელით კლდეს ეხებოდა, მარცხენაში შაშხანა ეჭირა. ცხვირ-პირს შავი კაშნე უფარავდა, სვანური ქუდი ეხურა, მხოლოდ თვალები და შუბლის ნაწილი უჩანდა. გარშემო ყურადღებით მიმოიხედა, მერე შაშხანა ხეს მიაყუდა, დაიხარა და ტალახიანი რუსული „რაბოჩი“ ჩექმა სწრაფად გაირეცხა. ტანსაცმლიდანაც მოიშორა გამხმარი ტალახი, მერე სველი ხელი ჩამოისვა (მუქი ჯუბის შიგნით მკერდზე დიაგონალურად გადაკიდებული სამასრე მოუჩანდა). კიდევ ერთხელ მოატარა მზერა ირგვლივ, მერე იარაღს დასწვდა და მაღლა აუყვა, ისევ გაუჩინარდა.

         მეორე წელი სრულდებოდა, რაც სვანეთის ტყეებს აფარებდა თავს, ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელის მკვლელობის გამო. იცოდა, რომ მილიცია აქტიურად დაეძებდა და ხშირად იცვლიდა ადგილს. შუადღე იქნებოდა, როცა ისევ გამოვიდა ტყიდან, ამჯერად ენგურის ნაპირზე. საიმედო ადგილი შეარჩია, კლდეზე დიდ ლოდს ამოეფარა და დაფერხდა. გზისა და მდინარის კლაკნილ ზოლს გადაჰყურებდა. ზენიტზე ასული მზე ვიწრო ხეობას თავზე ადგა და თბილ, ალერსიან სხივებს აღვრიდა. კლდე-ღრე სიარულით არაქათგამოცლილმა ბებემ შვება იგრძნო. აქ საფრთხე ნაკლებად ელოდა, მით უმეტეს გზაზე არავინ მოძრაობდა. იმის უფლებას მაინც არ აძლევდა საკუთარ თავს, რომ ჩაეთვლიმა, არადა, მოხერხებულად მჯდარსა და მზით გამთბარს  ძილი ეპარებოდა. დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო ასე. უცებ მკვეთრად გამოერკვა, მზერა დაძაბა. შუა ენგურში კაცი დალანდა. თავდაპირველად მოეჩვენა, ცხენ-კაცი მოჰყვებოდა დინებას, თუმცა მალე გაარჩია, რომ კაცი ცხენზე კი არა, ვეება მორზე იჯდა. გაოცებულმა მოადევნა მზერა ჯომარდს, რომელსაც ძლიერი დინება სწრაფად აახლოვებდა. მორის თავი და ბოლო მონაცვლეობით ადი-ჩადიოდა ზევით-ქვევით, კაციც ხან წინ გადაიხრებოდა, ხან გაიმართებოდა. ეტყობოდა, თოკები ჰქონდა შემოჭერილი, რომ არ გადავარდნილიყო. ბებემ მალი მზერა მოატარა გზაზე და მორზე ამხედრებულ კაცს ხმამაღლა დაუძახა: 

       – ჰეი!.. ჰეი!

       ამ დროს ლოდს შეხლილი მორის ნახევარი მაღლა აიწია და კაცი ძლიერ გადაიხარა. სანამ თვალს მიეფარებოდა, ბებემ დაინახა  კვლავ გამართული მისი ზურგი. 

       „გიჟია, გადარეული!“ გაიფიქრა.  

                                                              *       *       *

       შუა შემოდგომა იდგა. ხუდონის ჭალებში შორიშორ მიყუჟული კოტეჯები და ქოხები გამოკეტილი იყო. მეფუტკრეებმა და დამსვენებლებმა ჯერ კიდევ სექტემბერში დატოვეს იქაურობა. მალე მწყემსებიც მიჰყვნენ, მხოლოდ ტყის სიღრმეში მდგარ ერთ კარავში შეინიშნებოდა სიცოცხლის ნიშანწყალი.    

        კარგა ხნის შებინდებული იყო, როცა იმ კარავს ფრთხილად მიადგა შეიარაღებული მამაკაცი. გვერდით აწურულად მდგარმა სამიოდე წუთით მიაყურადა, მერე კარზე შაშხანის ტარით დააკაკუნა.

        – ბებე ვარ! – ხმადაბლა, მაგრამ როგორღაც დაძაბულად თქვა მოსულმა, როცა კარი ოდნავ გამოიღო.

        – მობრძანდი!

        სიტყვებიც რომ არა, ხმაზე, კილოზე ეტყობოდათ, რომ პირველად არ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

        – ვინმეს ხომ არ ელი?

        – არა. ყველა გაიკრიფა უკვე აქედან.

        – ვინმეს ხომ არ ვუკითხივარ…

        – არა.

        – ფორმიანს, უფორმოს…

        – არავის. კარგა ხანია, არ გამოჩენილხარ…

        – ჰო. 

        – ალბათ სხვაგან იყავი.

        – თუ სად ვიყავი, ამაზე მერე მოგიყვები. ახლა ისეთი დაღლილი ვარ, ფეხზე ძლივს ვდგავარ. ორი ლუკმა მაჭამე და ძილად მივეგდები. – ბებემ ნესტის სუნით გაჯერებული ჯუბა გაიხადა და სამასრე მოიხსნა.

– ახლავე! – დაფაცურდა მწყემსი. ორი გვერდით კედელზე მიგდმულ ფანერის პატარა მაგიდაზე პური, ყველი, ქილა მაწონი და თაფლი დადო,  – საჭმელი რაც მაქვს, ესაა. ჭაჭაც უნდა იყოს ცოტა…

        ბებე ცდილობდა თავშეკავებულად ეჭამა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რაოდენ მოშიებული იყო. ნახევარი პური და ყველი  ეგრევე მოტორა, ჭიქა არაყი დააყოლა. მწყემსმა ხელმეორედ შეუვსო და ბოთლში მეტი არც არაფერი ჩარჩა.

        – რა კარგად წავიდა ძარღვებში! – თვალი აუკიაფდა ბებეს.

        – ჭამე, გააგრძელე, პური და ყველი კიდევ არის.

        – მოიცა, ცოტა სული მოვითქვა, – ბებე ნახევარი ტანით შემობრუნდა მასპინძლისკენ. – პაპიროზი თუ გაქვს?

        – მაქვს.

        ძებნილმა  პაპიროსს მოუკიდა და ხარბად მოქაჩა.

          – კაცო, სამი დღის წინათ ისეთი საკვირველი რამე ვნახე, თვალს არ დავუჯერე – მორზე შემჯდარი კაცი მოჰყვებოდა ენგურს. ასეთი სიგიჯე არაფერი გამიგონია. დავუძახე, მაგრამ წყლის ხმაურში ვერ გავაგონე.

        – ჰმ! სიჩუმე რომ ყოფილიყო, მაინც ვერ გააგონებდი, მკვდარი იყო!

        – მკვდარი?!

        – ჰო.

        და მოუყვა თანასოფლელ გუგუტა არქანიას დაღუპვაზე, მის კაიკაცობაზე  და იმაზე, გზის ჩაკეტვის გამო სვანმა მეტყევეებმა როგორ მიანდეს მორზე დაკრული მისი ცხედარი ენგურს.

        – ასე შეიძლებოდა, გადავარდნილიყო და მერე ვერც ეპოვათ…

         – მეტყევეებს ხეს და თოკს შენ ასწავლი? – ნიშნის მოგებით უთხრა მწყემსმა და დააპირა იმის მოყოლაც, ჯვარში საჭმლის დასამარაგებლად ჩასული, ენგურიდან ცხედრის ამოყვანას რომ შეესწრო შემთხვევით, მაგრამ არ გაუგრძელებია – შიმშილდამცხრალ და ქანცგაცლილ ძებნილს თვალი ეხუჭებოდა. სანამ ძილი  სულ წაართმევდა თავს, მასპინძელმა მკლავზე ღონივრად ჩაავლო ხელი, ნაბადდაფენილ ნარზე გადასვა, დააწვინა და ზედ ჯუბა წააფარა.  

                                                                                                               2023 წ.

Leave a Reply