პროზა

გია ხუბუა – ქოფაკი

                                                     

       ორთაჭალის იქით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისლიანში, საპენსიო ასაკს მიღწეული ზორბა მამაკაცი ვეება კავკასიურ ნაგაზს ასეირნებს. ნოემბრის მიწურულია, ცივი ნიავი უბერავს. კაცს დაბამბული აცვია,  ყურებიანი თბილი ქუდი ახურავს, ძუნძულისგან სახე წამოხურებია, ხორციანი ლოყები თურაშაულივით უღაჟღაჟებს. ნაგაზს წინ გადაშლილი სივრცისკენ მიუწევს გული, მაგრამ საყელურზე გამობმული ღვედი აკავებს და სირბილის წყურვილს ხტუნვით იკმაყოფილებს. 

        – ტუგა! – კაცი ცდილობს შეანელოს ცხოველის  სწრაფვა თავისუფლებისკენ, რაშიც ბევრ ენერგიას ხარჯავს. ზოგჯერ ნაგაზი სძლევს და ორივე ხელით ღვედს ჩაჭიდებული ძლივს აოკებს. ჯაფისგან ოფლიანდება, დაბამბულის საყელოს იხსნის, თუმცა იმავე წუთს ისევ იკრავს – ეშინია, არ გაცივდეს.

        დაღლილსა და ქოშინავარდნილს საათისკენ გაურბის თვალი, მაგრამ დროის დაზუსტებას ვერ ასწრებს – მოშვებულ ხელს იგრძნობს თუ არა, ტუგა უცებ აიწყვეტს. კაცი კინაღამ წაიქცევა, ძლივს აღიდგენს წონასწორობას და ოციოდე მეტრზე ნაგაზის ნებას მიჰყვება, მერე კვლავ იმორჩილებს და ისევ საათს დახედავს.  კიდევ ორმოცი წუთი უნდა ასეირნეოს, თუკი ამას სეირნობა ჰქვია. 

      – ტუგა, გაჩერდი!.. ტუგა!.. ტუგა!

       ლელქაში მატულობს, ბილიკებიც იკლებს. ქალაქის საზღვრამდე მოსულან, დროა  გამობრუნდნენ. კაცი ღვედს მოქაჩავს, წუთის შემდეგ უკან მოუყვებიან წყლისპირს. ტუგამაც, ეტყობა, გული იჯერა (თორემ რა დაღლის!), აღარ გიჟობს, ბევრად უფრო დამყოლია; ყავისფერი ბალნით დაფარულ ძლიერ სხეულში სიმშვიდე ჩაჰბუდებია, ფუნჯივით გაფანჩვულ თეთრ კუდს დროდადრო ნებივრად მაღლა აპრეხს  (მკერდი და წინა ფეხების ნაწილიც თეთრი აქვს), შავი დრუნჩი თავდაჯერებით მიუმართავს წინ და თითქოს საკუთარი ღირსების შეგრძნებით მიდის.

      ნახევარი საათის  შემდეგ წყლის შხუილი მოსწვდება სმენას, კაცი და ნაგაზი შორიახლო მდგარი, ქვის ღობით შემოსაზღვრული კოტეჯისკენ მიემართებიან…

                                                             *         * *

       კაცი ქალაქის ცენტრში, სტალინური არქიტექტურის პირქუში შენობის მესამე სართულზე, მისაღებში შევიდა. ამჯერად შავი, გრძელი შინელი აცვია, ოქროსფერსამხრეებიანი, ხელში კონკორდიანი ქუდი უჭირავს და ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე ძაღლის სეირნობისას. სამხრეები უვარსკვლავებოა, რაც მისი პატრონის უდაბლეს ჩინზე მეტყველებს. ასეთ სამხრეებს 

                                                                         2

ენაკვიმატნი „ნაფოტებს“ ეძახიან, მაგრამ რაც უნდა დაცინვით მოიხსენიონ, შინელსაც შვენის და იმასაც, ვინც ამ შინელს ატარებს.

      – კაცია შიგნით,  – ეუბნება მდივანი.

      – გამომიძახა.

      – შედი მაშინ!

       მმართველის ვეება კაბინეტში მოსახვედრად ორი მძიმე კარია გასავლელი. კაცი შავდერმატინიან გარე კარს ღონივრად მიაწვა, შეაღო, მაგრამ  მეორე კარის ღრიჭოდან ნაცნობი ყვირილი შემოესმა. უფროსი ვიღაცას „ამუშავებდა“, მისი უხეში ხმა თითქოს ხეთქებით ასკდებოდა კედლებს. კაცმა კარი უმალ მოხურა და გამობრუნდა. წუთის შემდეგ კაბინეტიდან გამოვარდნილ სახეწამოჭარხალებულ თანამშრომელს თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო და ხელახლა სცადა შესვლა. ამჯერად მეორე კარიც შეაღო, მოკრძალებით შეიხედა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და სავარძელში მოკალათებულ  უფროსს მდაბლად დაუკრა თავი.

      – ბუხუტი, მოიწი აქეთ, – შერბილებული ხმით უთხრა უფროსმა და ჯიბიდან საფულე ამოიღო. – სამი კილო ხორცი იყიდე ტუგასთვის! 

      – კი, ბატონო.

      – ბაჩანა იდგება შემოსასვლელთან, ბაზარში წაიყვანე და ახალი ხორცი იყიდე. კარგად აჭამე, რაღაც გამხდარი მეჩვენა გუშინ. 

      – საჭმელი ნამდვილად არ აკლია, მიხაილოვიჩ, – კაცმა ცალყბად გაიღიმა და თავდახრით  დაიხია უკან, მაგიდას მოშორდა, მერე შეტრიალდა და ჩუმად გავიდა კაბინეტიდან.

      უკანა შუშაზე ფარდაჩამოჩვებული შავი „ვოლგა“ მთავარი სამმართველოს შესასვლელთან იდგა. მძღოლს ქურთუკის საყელო აეწია,  მანქანაში ოდნავ მოკუნტული იჯდა და რადიოს უსმენდა. ბუხუტიმ კარი გამოაღო და მიესალმა.

      – რაო, ისევ კოტეჯში? 

      – ჯერ დეზერტირების  ბაზარში, ხორცი მაქვს საყიდი. 

      ბაჩანამ უნდომლად აამუშავა მანქანა, გაახურა, მერე მკვეთრად მოწყვიტა ადგილიდან. სალონში სასიამოვნოდ დაუბერა თბილმა ჰაერმა. 

      – ნაადრევად დაგვიზამთრდა წელს, – დუმილის დასარღვევად ამინდზე ჩამოგდო სიტყვა ბუხუტიმ.

      – ჰო, ცივა.

      – პროგნოზი ხომ არ მოგისმენია დღეს? არ გამოიდარებს ცოტას?

      – რა ვიცი, მაგის… – შეიგინა ბაჩანამ. 

      – ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ზამთრის დადგომამდე მოთოვოს.

                                                                       3

      – საქვაბეში რაღაც პრობლემაა, ჩვენი უბანი ვერ ჩართეს ჯერ, ელექტროფეჩიც გადაიწვა და გავიყინეთ წუხელ ბინაში, – თქვა  ბაჩანამ და ისევ შეიგინა, ამჯერად არა ამინდის, არამედ საქვაბისა და ღუმელის მისამართით.

      – ჩვენთან კი ჩართეს, – ჩაილაპარაკა ბუხუტიმ.

      – დღესაც თუ არ ჩართეს, ხელთნაკეთი ფეჩი უნდა ვიყიდო, გაზი თუ გამოირთო, საჭმელს მაინც გააკეთებს კაცი.

        – ჰო, საჭიროა, უნდა იყოს ოჯახში.

        ბუხუტი მანქანიდან გადმოვიდა და ჩქარი ნაბიჯით გასწია ბაზრის შენობისაკენ. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ორი პარკით ხელში დაბრუნდა, პარკები საბარგულში ჩადო და კვლავ მძღოლის გვერდით მოკალათდა.

        – ერთი ათი წუთით ავირბენ ბინაში, საქმე მაქვს პატარა, – თქვა ბაჩანამ, როცა ბაზრის ტერიტორიას გასცდნენ.

        – მანამდე მეც თუ დამსვამ ჩემთან, კარგი იქნება, – უთხრა ბუხუტიმ. – ბარემ პარკს დავტოვებ, დავასაქმებ ცოლს.

        – ხარაშო, – ბაჩანამ მარჯვე მოძრაობით მოაბრუნა მანქანა, მერე კი ბუხუტის ბოლო ფრაზას გამოეხმაურა: – ქალებს საქმე ყოველთვისა აქვთ.

        – ჰო, ჰო, მართალია.

        – მივალ და მოვალ, – თქვა ბაჩანამ, სანამ ბუხუტი მანქანიდან გადმოვიდოდა.

        – ძაანაც ნუ იჩქარებ, დრო გვაქვს, – ბუხუტიმ საბარგული ახადა და პარკს დასწვდა, ჩაიხედა, მერე პარკი გაცვალა და სადარბაზოსკენ გააბიჯა.

        ერთი საათის შემდეგ ორთაჭალისკენ აიღეს გეზი.

                                                                     *        * *

        – იგივე მარშრუტი გავიმეოროთ, – ხათრიანად უთხრა ბუხუტიმ მძღოლს სამი დღის შემდეგ.

        – წავიდეთ, რა პრობლემაა, – ბაჩანამ მანქანა აამუშავა, ამჯერად ისიც ხალისიანად გამოიყურებოდა.

        – ჩაგირთეს გათბობა?

        – კი, ჩართეს გუშინ, როგორც იქნა.

        – ამასობაში ქე დათბა ცოტა.

        – გათბობა მაინც საჭიროა აწი.

        – კიი, კარს მოგვადგა ზამთარი. ამბობენ, ცუდი ზამთარი იქნებაო.

        – მაგი ვინ იცის? 

                                                                       4

       – ჩემს სოფელში იტყვიან, კომშს თუ ბლომად ასხია, მკაცრი იქნება ზამთარიო. ერთხელ დავიმახსოვრე და მართლაც იმხელა თოვლი დადო იმ წელს, ისეთი ყინვები იყო…

        – ალბათ შემთხვევით, მე არ მჯერა ეგეთები.

        – მე კი. აკვირდებოდა ძველი ხალხი და ბევრი რამე იცოდნენ. 

        რადიოში ქართული ხალხური სიმღერები იწყებოდა, ლაპარაკი შეწყვიტეს, რადიოს მიუგდეს ყური. მეორე სიმღერად დიქტორმა ტკბილი ხმით გამოაცხადა „შავი შაშვი ჩიოდა“, რაც განსაკუთრებულად უყვარდა ბუხუტის.  

       – ცოტა აუწიე, – თხოვნის კილოთი უთხრა.

       – მე კახური სიმღერები მირჩევნია, – ჩაილაპარაკა ბაჩანამ და ხმას მოუმატა.

       ამასობაში ბაზართან მივიდნენ. ორივე გადმოვიდა მანქანიდან, ბაზრის სხვადასხვა მხარეს გასწიეს.  ბუხუტი წინანდებურად ორი პარკით ხელში რომ დაბრუნდა, ბაჩანა უკვე მანქანაში იჯდა და ფიქრებს მისცემოდა.

       – არ ნახე ფეჩი? – შეკითხვამ გამოარკვია.

       – ძვირს აფასებენ, მაგის დედა ვატირე. შარშან ხუთი-ექვსი მანეთით ნაკლები ღირდა, – სახის რაღაცნაირი მოქცევით მიუგო ბაჩანამ.

       ბაზრიდან პირდაპირ ბუხუტის ბინისკენ გაემართნენ. ცოტა თუ დამაგვიანდა, დამელოდე, ბარემ ბავშვს წამოვიყვან სკოლიდანო, დაუბარა ბაჩანამ და მკვეთრად მოატრიალა მანქანა. ნაშუადღევი იყო უკვე, ერთად რომ შეიყარნენ და ორთაჭალისკენ გაემართნენ.

       – რა ქენი, დაასაქმე ცოლი? 

       – კი, კაი მეგრული ხარჩო უნდა დამახვედროს საღამოს. 

       – ოო, ხარჩო კარგია.

       – ნიგოზი არ მიყიდია და გამიჯავრდა.

       – თხილითაც აკეთებენ.

       – ნიგვზიანი ჯობია. იქ, კუთხეში აქვთ და თვითონ იყიდის.

       – მე ჩემი ცოლი მასაქმებს უფრო, სამსახურიდან რომ დავბრუნდები, რაიმეს გამომიძებნის ბინაში გასაკეთებელს. ან ხორცსაკეპია გასარემონტებელი, ან რამე კუხნის პრიბორი, ან რაღაცაა მისაჭედებელი. ერთხელ გავბრაზდი და ვუთხარი, რა ამბავია, საგანგებოდ ხომ არ ეძებ ჩემთვის საქმეს-მეთქი.

      – სახლში ყოველთვის გამოჩნდება პატარ-პატარა რამე, მაგაზე არ ეჩხუბო ცოლს.

      – არა, მაგრამ ზედმეტად არ უნდა შეაწუხო კაცი. ხანდახან თორმეტი საათი ვარ ზარულიომ, ვიღლები მეც. რო არ დავდივარ და უბრალოდ ველოდები, მაშინაც ვიღლები. ხო გესმის? 

                                                                           5

     – რა თქმა უნდა.

     – ჰოდა, სამსახურში რო ვიყო, გინდა, ჯამაგირი გინდა, ყველაფერი გინდა, საღამოს მაინც უნდა მომასვენო, შე კაი ადამიანო. ხო ვარ მართალი?

     – ამაში მართალი ხარ, მაგრამ ოჯახის საჭიროებები ხომ იცი… ქალები უფრო არიან მიმხედავი.

     – შენ უკან არ მოდიხარ, ხო? – ბაჩანამ საათს დახედა და სახეზე უკმაყოფილება შეეტყო. 

     – უნდა გავიყვანო ტუგა გარეთ, სამი დღე ჩაკეტილშია, ცოდოა.

     – მაგვიანდება. თუ მომიკითხა, მომიწევს მაგის ჯიჯღინის მოსმენა.

     – ჰმ.

                                                                    *        * *

       ზამთრისპირის მზე თითქოს აჩქარებით ეშვება დაბლა. ისლიანი ფერს იცვლის, მუქდება, მტკვარიც სიმრუმეს იკრავს. წინ გადაშლილი ქალაქის გარეუბნის ხედს კი ფერთა კონტრასტი მომატებია: მუქ-რუხ ფონზე ალაგ-ალაგ სწორკუთხა ფორმებად იკვეთება ნათელი, აქა-იქ ელვარებს დასავლეთით მიქცეული ფანჯრებიდან არეკლილი მეწამული სინათლე.

      მდინარიდან მობერილ ნიავს სუსხი მოაქვს. სეირნობით მუხლებმოღლილ ბუხუტის სიცივე ახსენებს თავს. მკერდი ოფლით დანამვია, არ გავცივდეო, დაბამბულის ღილებს ბოლომდე იკრავს, უსიამო  შეგრძნება ირეკლება მის თვალებში. 

      – ტუგა!.. ტუგა!.. ტუგა, ჭკვიანად!

      ნაგაზს კაცისგან განსხვავებით კოტეჯში დაბრუნება არ ეჩქარება, კიდევ უნდა მინდორ-მინდორ ქასქასი, ხტუნვა და სირბილი. ბოლოს მშვიდდება, ღვედს აღარ ექაჩება, კაციც დუნდება ნელ-ნელა. გასეირნება დასასრულისკენ მიდის, დინჯი ნაბიჯით მოუყვებიან ნაცნობ ბილიკს.

      ბუხუტიმ კოტეჯის ჭიშკართან  შავი „ვოლგა“ რომ დაინახა, გაუხარდა, რადგან შეეძლო უფროსს გამოჰყოლოდა და აღარ მოუწევდა ფეხით სიარული, არც  ავტობუსის ლოდინი. ამასთან ერთად სასიამოვნო აზრმაც გაუელვა თავში: გასეირნებიდან ზუსტად გრაფიკით ბრუნდებოდა და დავალების  პირნათლად შესრულებისთვის შექებასაც დაიმსახურებდა. წუთის შემდეგ გაახსენდა, პატარა სათხოვარი რომ ჰქონდა უფროსთან. მთელი კვირა უნდოდა ეთქვა, მაგრამ შესაფერისი მომენტი ვერ შეარჩია. ახლა ვეტყვიო, გაიფიქრა.

                                                                          6

      ბუხუტიმ მანქანაში მომლოდინე მძღოლს ხელი აუწია და ეზოს კარი შეაღო. ტუგამ, როგორც სჩვეოდა, ერთი აიწყვიტა კიდევ. ბუხუტიმ ხელი უშვა, ნაგაზმა  სირბილით დაარტყა წრე კოტეჯის გარშემო, მერე შიგ შევიდა და ქვედა სართულზე დაბალი მესერით შემოღობილ თავის კუთხეს მიაშურა. 

        ტუგას ჭამის დრო ჰქონდა და თვალი მაგიდაზე ჩამოდებული პარკისკენ ეჭირა. 

        ამასობაში უფროსი მეორე სართულიდან დაეშვა შიდა კიბით და შეეცადა რიხიან ხმაში მოფერება გაერია.

        – ტუგა! ისეირნე, ტუგა? 

        ნაგაზს ხორცის სუნი სცემდა და ყურადღებას არ აქცევდა.

        ამასობაში ბუხუტიმ პარკი თეფშზე გადმოაპირქვავა და ნაგაზისკენ მიიწია. 

        – მაცალე, ტუგა!

       ის იყო, ძაღლისთვის საჭმლის დასადებად მესერთან უნდა დახრილიყო, მკლავზე ხელის უხეში ჩავლება იგრძნო.

        – რაა, ბუხუტი, ეს? 

        – ბა-ტონო? 

        – ხორცია, ბიჭო ეს?!

        – ძვალი და ხორ-ცია ერ-თად.

        – სად ხედავ აქ ხორცს?!

        უფროსმა ხმას აუწია და, ჩვეულებისამებრ, ყვირილზე გადავიდა.   სახეჭამოჭარხალებულმა ბუხუტიმ გაიგონა, როგორ დაიღრინა ტუგამ. მისკენ რომ მიეხედა,  ზურგზე წამოშლილ ბალანსაც დაინახავდა და ყვითელ თვალებში აელვარებულ ბრაზსაც.

       – სადაა აქ ხორცი?!.  ერთი ნაჭერი მაინც მაჩვენე!.. ამის ფული მოგეცი მე შენ?! 

       კიდევ დევს მაცივარშიო, უნდოდა ეთქვა ბუხუტის, მაგრამ ენა ვერ დაძრა.

       – მიპასუხე, ძვლის ფული მოგეცი?! 

       – არ დავაკვირდი და ცოტა ზედმეტი მოსვლია ძვლის ჩადება, – ჩაინიღნიღა ნირწამხდარმა ბუხუტიმ.   

       – ახ, გამყიდველს შეეშალა, არა! – ხმამაღლა და ირონიულად გაიცინა უფროსმა. – ვის ეუბნები მაგას?! როგორ მიბედავ ამის თქმას, როგორ?! 

       ტუგამ ისევ დაიღრინა, ამჯერად უფრო ავისმომასწავებლად. ხაფადაც დაიყეფა, მაგრამ ხელქვეითის ლანძღვა-გინებით გართულ უფროსს მისი არ ეყურებოდა.

       – მე ამის დედა ვატირე, დაბერდი კაცი და ერთ ნაბიჯზე ვერ უნდა გენდო?! ესაა კაცობა?! გეკითხები, ესა-ა… 

                                                                           7

        უფროსის ხმა ისეთი მჭექარე ხდებოდა, ყურის ბარაბანს ატკენდა მსმენელს.  უცებ ამ ჭექას გაშხუილებასავით დაერთო რაღაც. აზრზე მოსვლა ვერ მოასწრეს, მესერს გრიგალივით გადავლებული ნაგაზი უფროსს ხაფად ეძგერა.  

        ხმამაღალმა დაყეფებამ ბრაგვანი გადაფარა.

        ისედაც წამხდარ-არეულმა და მოულოდნელობისგან მთლად დაბნეულმა ბუხუტიმ ინსტინქტურად წამოყვირებაც ვერ მოასწრო.

        წამის შემდეგ რაც დაინახა, ეს იყო:  პირდაფჩენილი ტუგა მძლავრი ტორებით მკერდზე შესდგომოდა ქვის იატაკზე გაკრულ შიშნაჭამ, მომჩვარულ უფროსს და რისხვით ანთებული თვალებით დასჩერებოდა.               

                                                         ხმა

                                                                                                  გული – გამთქმელი.

                                                                                                                   ედგარ პო 

          საკმაოდ ძველი ამბავია. საჭიროება რომ იყოს, არ დავიზარებდი, ისტორიულ ქრონიკებში თავს ჩავრგავდი და დროს დავაზუსტებდი. ამ შემთხვევაში დროს ნამდვილად არა აქვს რაიმე მნიშვნელობა, რადგან ის, რაც ამ პატარა მოთხრობაში ხდება,  ნებისმიერ საუკუნესა და ეპოქაში შეიძლებოდა მომხდარიყო.   

         იმხანად ოთურმეთის სამეფო კარზე სწრაფად დაწინაურდა მანამდე არაფრით გამორჩეული, უსახური ახალგაზრდა კაცი, სახელად მუიე ბო მურე. ხდება ხოლმე, ყველასთვის მოულოდნელად რომელიმე იღბლიანი ახალგაზრდა მეფის ან დედოფლის მხარდაჭერას მოიპოვებს და მმართველ ელიტაში ამოტივტივდება. არის მერე ჩურჩული, ათასნაირი მითქმა-მოთქმა, მაგრამ ეჭვშეუვალად ვერავინ იგებს, რა დამსახურებისთვის. მუიე ბო მურეს შემთხვევა კი ბევრი რამით განსხვავებული და განსაკუთრებულია. თუნდაც იმით, რომ  მან, თქვენ წარმოიდგინეთ, დაბალი ფენიდან ამოყვინთა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ოთურმეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ამასთანავე მაშინვე საქვეყნოდ გახმაურდა, როგორ მოახერხა ეს და, რაც მთავარია, ყველამ ირწმუნა მისი უეჭველი ღირსებები. დიახ, ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ერმა და ბერმა ერთხმად აღიარა ახალგაზრდა კაცის საზრიანობა, გამჭრიახობა, სამშობლოსთვის თავდადება და მისი ელვისებური კარიერული წინსვლა სრულიად დამსახურებულად მიიჩნია. ასეთისთვის, ცხადია, ალალია პოლიციის შეფის პორტფელი, რომელიც მუიე ბო მურემ  სამეფო კარის დარბაზობაზე ერთობ საჩინო თავმდაბლობით ჩაიბარა. მასვე მიენდო სახელმწიფო საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელობა და მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის ცნობილი ზოგი რამ. იგი მაშინ დაქორწინებულიც არ იყო და, რასაკვირველია, ერთბაშად ყველაზე სასურველი სასიძო გახდა სამეფოში.

        ახლა კი იმაზე, თუ რის გამო გამოარჩია და დააწინაურა იგი ოთურმეთის მრავალნაცადმა მეფემ, მისმა უდიდებულესობამ ბენედიქტ მეთორმეტემ. თუმცა  მანამდე ალბათ აჯობებს ორიოდე სიტყვა ითქვას იმის შესახებ, თუ როგორი ვითარება იყო მაშინ ოთურმეთში და მის გარშემო; რა პოლიტიკური მოვლენები უძღოდა წინ ამ ამბავს.

        ეს ის პერიოდია, როცა ფეხუსახსროთა კლანი (ასე ეძახდნენ, რადგან მათი 

                                                                      2

გვარდია მარშირებისას ფეხებს მუხლში არ ხრიდა) საბოლოოდ გაბატონდა ქვეყანაში და შესამჩნევად შეავიწროვა ოპოზიციური ფეხსახსრიანთა კლანი. ეს სულაც არ იყო გასაკვირი, რადგან ფეხუსახსრონი მოსახლეობის დიდი უმეტესობის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ამგვარ ვითარებას ქვეყნის სტაბილურობა  უნდა მოჰყოლოდა, ხოლო როცა სტაბილურობა და სიმშვიდეა, განვითარებას წინ არაფერი უდგას. სამეფო კარსა და მმართველ კლანსაც ამისი იმედი ჰქონდა, ამიტომ არხეინად იყვნენ და განცხრომას მისცემოდნენ. მათი ამგვარი გულარხეინობა და ნებივრობა ალბათ გამართლებული იქნებოდა, რომ არა აშკარად მტრულად განწყობილი ერთი  მოსაზღვრე სახელმწიფო, რომელიც სიდიდითა და ჯარის სიძლიერით ოთურმეთს ბარე ხუთჯერ აღემატებოდა. ეს სახელმწიფო მეზობლების დასასუსტებლად და დასამორჩილებლად სამხედრო ძლიერებაზე არანაკლებად იყენებდა ჯაშუშურ ქსელს. ეს საყოველთაოდ ცნობილი იყო, მაგრამ ოთურმეთის მეფე და სამეფო კარი სათანადოდ მაინც არ აფასებდა, რადგან ძლიერ მეზობელთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინათ, რაც ხელსაყრელი ხელშეკრულებებითაც გაემყარებინათ. ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი მათი  ყურადღების მოდუნებისა. სწორედ ასეთ დროს გაიბრწყინა მანამდე სრულიად უცნობმა მუიე ბო მურემ. 

       მთელს ოთურმეთში ბომბის გასკდომასავით გავრცელდა რამდენიმე ათეული მაღალჩინოსნის დაკავების ამბავი, რასაც ასეულობით სამხედრო და საიდუმლო სამსახურების თანამშრომელთა დაჭერა მოჰყვა. კარს მომდგარ სამხედრო გადატრიალებას და ქვეყნის არევას, რომ არა რიგითი მსახურის მუიე ბო მურეს ალღო, გამჭრიახობა და მიხვედრილობა, ვერაფერი შეაჩერებდა, ისე ოსტატურად ყოფილიყო მომზადებული და შენიღბული.     

        ეტყობა, ოთურმეთის მეფეს ღმერთი სწყალობდა. ბედად მან გადაწყვიტა ქვეყანაში ჩატარებული საცხენბურთო შეჯიბრში გამარჯვებული გუნდის პატივსაცემად საზეიმო საღამო გაემართა. ეს სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან მეფე ცხენბურთის დიდი მოყვარული გახლდათ და ახალგაზრდობაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც  ითვლებოდა. მეფეს ცხენბურთი ახალგაზრდობის სამხედრო აღზრდის მნიშვნელოვან შემადგენლად მიაჩნდა და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევდა.

        საღამოს მთელი სამეფო კარი და მთავრობა ესწრებოდა. მისი წაყვანა დავალებული ჰქონდა ქვეყანაში ფრიად პოპულარულ მსახიობსა და შანსონიეს კოკოს, ვინც რატომღაც უკანასკნელ დროს ნაკლებად ჩანდა სცენაზე. ამჯერად კოკო უფრო კლოუნის ფორმაში გამოწყობილი მოევლინა მაღალ პუბლიკას, მის გამოჩენას ოვაციები და მქუხარე ტაში მოჰყვა.

                                                                      3

       კოკომ ჩვეული რევერანსების შემდეგ საღამო ამგვარი სიტყვებით გახსნა:

       – მადლობა ღმერთს, ქალაქელებსაც მოგვეცა სცენაზე გამოსვლის უფლება! 

       ამ არცთუ ადვილად გასაგები ფრაზით გამოწვეული ერთგვარი დაბნეულობა მსახიობმა ეგრევე გაფანტა თავისი შეუდარებელი ღიმილით, ასე რომ მონატრებოდათ ოთურმეთელებს. კანტიკუნტად ისევ გაისმა ტაში.

       კოკომ საღამო  წაიყვანა ორსაათიანი პროგრამით, რომლის შედგენაზე  არაერთი 

მსგავს საქმეში დახელოვნებული ადამიანი მუშაობდა. მათ შესანიშნავად იცოდნენ მეფის გემოვნება და ყველა ნომერი ამის გათვალისწინებით შეარჩიეს. პროგრამაში მაგალითად არ შეუყვანიათ ილუზიონისტები, რადგან მისი უდუდებულესობა მათ ნაკლებად სწყალობდა და ერთხელ კიდევაც გულღიად თქვა –  ილუზიონისტების გამოსვლის შემდეგ თავს დამცირებულად ვგრძნობ, რადგან მე მსგავსი რამეების გაკეთება არ შემიძლიაო. კოკოს რამდენიმე დღით ადრე გადაეცა პროგრამა და ისიც მთელი სერიოზულობით მოემზადა. შიგადაშიგ თვითშემოქმედების უფლებასაც აძლევდა თავს, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა.

       გამარჯვებულ ცხენბურთელებს ცალ-ცალკე იძახებდა და მეფეს დიდი ამბით წარუდგენდა, ყველა მიღწევისა და ტიტულის ჩამოთვლით, რის შემდეგ  მისი უდიდებულესობა ხელს ართმევდა წარდგენილს და ჯილდოს პირადად გადასცემდა. რა თქმა უნდა, ყოველ ასეთ დაჯილდოებას მქუხარე ტაში ახლდა. 

       დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სცენა დაეთმო ოთურმეთის ცნობილ მომღერლებს, მოცეკვავეებს, ხუმარებსა და კლოუნებს.

       შუალედებში თვითონ კოკო ართობდა პუბლიკას მახვილგონივრული ჩანართებით, იუმორით, სიმღერით. 

       მშვენიერი საღამო გამოვიდა, მთელი სამეფო კარი ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა, თვითონ მისი უდიდებულესობაც ფრიად კმაყოფილი ჩანდა. განსაკუთრებით დიდი მოწონება ხვდა წილად ბოლო ნომერს – სახელდახელოდ საღამოსთვის კოკოს მიერ დაწერილ პატრიოტულ სიმღერას (ტექსტიც და მუსიკაც მისი იყო), რომელიც თვითონვე შეასრულა. 

                                                               ოთურმეთო, ტურფა მხარევ,

                                                               ოთურმეთო, გმირთა მხარევ,

                                                               ჩემო ტკბილო ოთურმეთო,

                                                               გამრავლდი და გაიხარე.

                                                                ოთურმეთო, მშვენიერო,

                                                                საქებო და სასიმღერო,

                                                                კვლავაც შობე ბევრი გმირი,

                                                                გაძლიერდი, ჩემო ერო.

                                                                                   4

                                                                ოთურმეთო, გელოდება

                                                         გაბრწყინება და დიდება,

                                                                მტერი ბევრი გახვევია,

                                                                ყველას დედა ეტირება.

        კოკო დიდი განცდით მღეროდა, რაზეც მისი მიმიკაც მეტყველებდა.  ყოველი სტროფის ბოლო ორ სტრიქონს იმეორებდა და ამ დროს მისი სახის ექსპრესია თვალში საცემად ძლიერდებოდა. ბოლოს, როცა „მტერი ბევრი გახვევია, ყველას დედა ეტირება“ რომ წამოიწყო, ჟესტებიც პანტომიმის ოსტატივით უფრო გამომხატველი გაუხდა. ჯერ ხელები ფართოდ გაშალა, მერე მუხლები ოდნავ მოხარა და ტანით უკან გადაიზნიქა; მთელი სხეულით დაიძაბა, დაიძაგრა, მერე გველივით დაიკლაკნა, იმავდროულად თვალები მილულა, ნესტოები შეათრთოლა  და ხმაში მტრებისადმი უდიდესი ზიზღი ჩააქსოვა. „ყველას“ განსაკუთრებული აქცენტით წარმოთქვა და გამეორებისას ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთა. მართლაც საოცრად იმღერა, ხმა გრძნობით იყო გაჯერებული, ბგერები თითქოს თავისთავადაც ვიბრირებდა ჰაერში და ტონალობას სიმძაფრეს მატებდა. როგორც კი დაასრულა სიმღერა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოიჭრა და წამყვანს ისეთი ოვაცია გაუმართა, სიტყვით ძნელი გადმოსაცემია. ოვაციას მქუხარე და სინქრონში დაკრული ტაში მოჰყვა, რომელიც ხუთ წუთს გაგრძელდა. ერთადერთი ადამიანი არ უკრავდა ტაშს, ერთადერთს  არ ეხატა სახეზე აღტაცება. ეს კაცი გახლდათ მუიე ბო მურე, რომელიც დარბაზის ბოლოში სადღაც მიკუჭული ადევნებდა თვალს საღამოს მიმდინარეობას. იგი სხვებივით ფეხზე წამომდგარიყო, კისერი წაეგრძელებინა და მზერად ქცეული მისჩერებოდა კოკოს, რომელიც ბედნიერი ღიმილით და დაუზარებელი რევერანსებით გამოხატავდა მადლიერებას ხანგრძლივი ტაშის გამო.     

        იმ ღამით მუიე ბო მურეს წვეთი არ დაუძინია. ლამფით განათებულ მაგიდასთან იჯდა, წინ ქაღალდი ედო, სამელნეში ხშირ-ხშირად აწობდა საწერკალამს და რაღაცას ბეჯითი ხელით  წერდა. დროდადრო ხელი თითქოს ჰაერში გაუშეშდებოდა, ჭკვიან თვალებში ფიქრი ჩაუდგებოდა, მერე კვლავ მკვეთრი მოძრაობით წაიღებდა კალამს სამელნისკენ და შთაგონებული სახით  განაგრძობდა წერას.

       მეორე დღეს მუიე ბო მურემ შეძლო სამეფო კართან დაახლოებული  სანდო კაცის მეშვეობით მის უდიდებულესობამდე მიეტანა ქაღალდზე ლაკონურად გადმოცემული თავისი მოსაზრება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მზადების შესახებ. მუიე ბო მურე კატეგორიულად მოითხოვდა დაეწესებინათ მოუშორებელი თვალთვალი კოკოზე, რომელიც გადატრიალების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად მიაჩნდა. ამასთან ერთად ასახელებდა მის  სავარაუდო თანამზრახველებს და აუცილებლად მიიჩნევდა ყველას მკაცრ კონტროლზე აყვანას.

                                                                       5

როგორც ჩანს, მეფეს ეყო სიბრძნე და გაფრთხილება სრული სერიოზულობით მიიღო. როგორც ზემოთაც ვთქვი, სამხედრო გადატრიალება თავიდან იქნა აცილებული, ორგანიზატორები და თანამზრახველნი დაკავებულ და მხილებულ იქნენ. სწორედ იმ დღიდან გაუვარდა სახელი მუიე ბო მურეს  და დაიწყო მისი სწრაფი კარიერული აღმასვლა. 

         რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ოთურმეთში საფრთხემ საბოოლოოდ ჩაიარა და ქვეყნის ყველა მოღალატე საკადრისად დაისაჯა (მთავარი ორგანიზატორები ჩამოხრჩვეს, სხვები დიდი ხნით აღმოჩდნენ გისოსებს მიღმა), მეფე, მასთან ძალზე დაახლოებული ერთ ადამიანი და მუიე ბო მურე ზამთრის ერთ საღამოს ბუხართან ისხდნენ,  წითელ ღვინოს შეექცეოდნენ და მშვიდად ბაასობდნენ. სხვადასხვა თემაზე საუბრის შემდეგ მეფე ისევ გამოაშკარავებულ შეთქმულებას დაუბრუნდა და აღიარა, რომ კოკოს სიმღერის ტექსტში საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. მას ძალიან აინტერესებდა, უპირველეს ყოვლისა რამ აღუძრა ეჭვი მომღერალზე, რაზეც მუიე ბო მურემ, უკვე პოლიციის შეფმა, ერთადერთი სიტყვით უპასუხა:

       – ხმამ!                                                   

                                                    განგაში შუაღამისას

        ბაკურიანში იმ ზაფხულს კოხტაგორაზე ამავალი საბაგირო არ მუშაობდა, სარემონტოდ იყო გაჩერებული, როგორც ამას ქვედა ბაქანთან გაკრული წარწერა იუწყებოდა.  ილოსა და ნინელის, რომლებსაც ძლიერ მოსურვებოდათ მთაზე ასვლა და დაბისთვის კოხტაგორას სიმაღლიდან გადმოხედვა, ისღა დარჩენოდათ საკუთარ მუხლებს მინდობოდნენ. ისინი გვიან დილით, დამსვენებლის ყუათიანი საუზმის შემდეგ აუყვნენ ფერდობს, რომელიც ვიღაცისთვის შესაძლოა დამრეცი იყოს და ვიღაცისთვის ციცაბო. საღამოს პირზე სასტუმროში დაბრუნებულებმა, როგორც კი ჩაი დალიეს, პირდაპირ ლოგინს მიაშურეს და დაწოლის შემდეგ უფრო იგრძნეს  დაღლილობა. შუა ასაკს გადაცილებულთათვის, მიუხედავად ზურგზე მოკიდებული რიუგზაკების სიმსუბუქისა, კოხტაგორას დაძლევა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მოელოდნენ. ჩამოსვლაც არანაკლებად გაუჭირდათ, უფრო მეტადაც კი. ნინელის წვივის კუნთი დაეჭიმა და კოჭლობით ძლივს მოვიდა მანქანამდე, მთის ძირას რომ ელოდათ. 

        – აბა, რა გეგონათ! – ერთგვარი ნიშნისმოგებით უთხრა მშობლებს თემურმა, როცა სასტუმრო-კოტეჯისკენ მოემართებოდნენ. 

        – ჩვენს ასაკში საჭიროა თავის გამოცდა, – იხტიბარი არ გაიტეხა ილომ.

        წინა საღამოს თემურმაც და ანამაც მოიწონეს კოხტაგორაზე ასვლის გეგმა, მაგრამ დილით უეცრად გადაიფიქრეს.  მიზეზად ბავშვი დაასახელეს, თუმცა ბებია-ბაბუას აზრით ტარება ბიჭუნასი, რომელსაც ჯერ ორიც არ შესრულებოდა, ოთხ ადამიანს არ უნდა გასჭირვებოდა. მით უმეტეს, ამინდიც ხელსაყრელი იყო – მზე ანათებდა, მაგრამ მაინცდამაინც არ ცხელოდა.

        ანას საღამოს არაფერი უთქვამს, თუმცა  ქმრის სიტყვებს სრულიად ეთანხმებოდა და იმ ტონსაც, როგორითაც იყო ნათქვამი.  

        ილო და ნინელი მართლაც ძალზე დაქანცულიყვნენ, რაც მოძრაობაზეც ეტყობოდათ და  მზედაკრულ სახეზეც – ღიმღამგაცლილი თვალები ისე დავიწროებოდათ, თითქოს გახელა ეზარებათო. ილომ  ხელში აიყვანა მონატრებული ბუთხუზა შვილიშვილი, მაგრამ ძალა ისე გამოლეოდა, წუთის შემდეგ დედას დაუბრუნა.

        გადაღლის შემდეგ ზოგჯერ ძილი უტყდება ადამიანს.  ილოსა და ნინელისაც ასე დაემართათ, დაწოლიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ შეძლეს ძილის იდუმალ სამყაროში შეღწევა და ალბათ გვიან დილამდე სიამით დარჩებოდნენ იქ, რომ არა 

                                                                               2

ტელეფონის დაჟინებული ზარი.

       პირველი ნინელიმ შეძლო ღრმა ძილისგან თავის დაღწევა,  ხვნეშით გადაბრუნდა და ტუმბოზე მობილურს დასწვდა.

       – ვინაა? – უკმაყოფილოდ ამოილუღლუღა ილომ. 

       – თემოა! რა უნდა ამ შუაღამეს?.. სიცხე ხომ არ მისცა ბავშვს? – შეშფოთებამ შეაღწია ნინელის ჯერაც მობინდულ გონებაში. – ჰო, ბიჭო…

       – დედა, მამას სძინავს?

       – სძინავს. 

       – ვერ გააღვიძებ?

       – რად გავაღვიძო ამ შუაღამეს? 

       – რაღაც დიდი ფრინველი შემოფრინდა ფანჯარაში, საშინლად ხმაურობს, გვიშველეთ რამე!

       – შუქი ვერ აანთეთ? 

       – რო ავანთეთ, გაჩუმდა, მაგრამ მერე ისევ დაიწყო ძახილი.

       – რა ფრინველია, ბიჭო, ასეთი?

       – მტაცებელია, მე მგონი. მოდით ჩქარა!

       – გესმის, კაცო? – მიუბრუნდა ნინელი ქმარს, რომელიც უკმაყოფილო ბურტყუნით იფშვნეტდა თვალებს.

       ძილს საბოლოოდ დააღწიეს თავი. ნინელიმ იატაკზე ფეხი რომ დადგა, ისეთი ტკივილი იგრძნო, ერთი წამოიკივლა, მაგრამ არ გაჩერებულა, კოჭლობით გასწია  შვილების საძინებლისკენ, დერეფნის მეორე ბოლოში. ილო წინ მიდიოდა.

       ასეთი სურათი დახვდათ: 

       ანა ლოგინზე ნახევრად წამომჯდარიყო, ზურგით ლოგინის თავს მიყრდნობოდა, ორივე ხელი მაღლა აწეული საბნის კიდისთვის ჩაევლო და გამტკნარებული სახით იყურებოდა. ჯანიანი თემური ლოგინის შუაში მწოლარე ბავშვისკენ შებრუნებულიყო და მარჯვენა ხელი ზედ ხიდივით გაედო.

       – სად არის, ბიჭო, ფრინველი?

       – აი, იქით, კომოდის უკან ზის.

       – არაფერი არ არის აქ, – თქვა ნინელიმ, როცა კომოდი გამოსწიეს და იქაურობა დაათვალიერეს.

       – შეიძლება კარადის უკან შეფრინდა.

       – ხმა როგორი  ჰქონდა? 

       – საშინელი ხმა აქვს.

       – საშინელი როგორი? უსტვენს, კრიახობს, ჩხავის თუ რა ჯანდაბას შვრება?!

                                                                         3

       – რა ვიცი, აბა? აქაურობას კი იკლებს და…

       – ახლა რომ არ ხმაურობს?

       – ჩააქრეთ შუქი, ცოტა ხანი გავჩუმდეთ და ნახავ, თუ არ დაიწყებს.

       ასეც მოიქცნენ. ილო და ნინელი საწოლის კიდეზე ჩამოსხდნენ და ჩაბნელებულ ოთახში ერთხანს ხმაგაკმენდილნი ელოდნენ, რა მოხდებოდა. თემური თავწამოწეული იწვა,  ანა ნახევრადწამომჯდარ პოზაში გარინდებულიყო და ამთქნარებდა, ხოლო ბიჭუნას ტკბილად ეძინა. ათი-თხუთმეტი წუთი სიჩუმეში გავიდა. 

       – არაფერი არაა, გაფრინდა ალბათ, – თქვა ილომ.

       – გაფრენის ხმას ხომ გავიგონებდით? 

       – მე არ ვიცი, რას გაიგონებდით და რას არა, – ხმაში ბრაზი გაერია ილოს. – სანამ ვისხდეთ აქ? 

       – ოჰ, როგორ მეძინა! – დანანებით ჩაილაპარაკა ნინელიმ.

       – წამო, ქალო, დავწვეთ!

       – ცოტა ხანი დაელოდეთ კიდევ. აი, ნახავთ, ისევ დაიწყებს. არ გაინტერესებთ მაინც? რაღა ახლა გაჩუმდი, შენი!

       – ამან რომ არ შეიგინოს, არ იქნება! – ნინელიმ შუქი აანთო და კიდევ ერთხელ მოატარა მზერა ოთახში.

       – ადექი, ბიჭო,  კარადაც გამოვწიოთ. 

       – ოხ, უცებ ბავშვს რომ დააფრინდეს? – თემურმა ალერსიანი თვალით შეხედა ლოყააღვივებულ შვილს, რომელიც  საყვარლად იშმუშნებოდა.

       – აბა, ჩვენ მარტო ვერ მოვერევით ამხელა კარადას.

       – მაშველები ხომ არ გამოვიძახოთ? 

       – მაშველები, არა!

       – აბა, მძინარეებს  თავზე რომ დაგვაცხრეს?

       ილომ და  ნინელიმ იმ იმედით, რომ ფრინველი აღარ იყო ოთახში, თავიანთ საძინებელს მიაშურეს. ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, ისევ დარეკა მობილურმა. ამჯერად ილომ დაასწრო ადგომა, ტელეფონზე არ უპასუხია, უკმაყოფილო ბურტყუნით პირდაპირ დერეფანში გავარდა, ნინელი კოჭლობით და ღრმა ამოოხვრით მიჰყვა უკან.

       სანამ შვილების საძინებელში შევიდოდნენ, მართლაც ესმოდათ ძლიერი კუტკუტის მაგვარი რამ, მაგრამ როგორც კი კარი შეაღეს, ხმა შეწყდა.

       – საიდან ისმოდა? – იკითხა ილომ.

       – ხომ გესმოდათ როგორი საშინელი და შემაძრწუნებელი ხმაა?!  გაგვათენებინა  

                                                                             4

ღამე!

       – საიდან მოდიოდა ხმა? – ახლა ნინელიმ იკითხა.

       – ვახ! ხომ გეუბნებით, კარადის უკანაა-მეთქი. 

       – ზოგჯერ თითქოს ადგილს იცვლის, – დააზუსტა ანამ, რომელიც კიდევ უფრო 

დამფრთხალი ჩანდა. – უფრო კარადის უკნიდან ისმის!

       ილო და ნინელი კარადას დაეჯაჯგურნენ, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. სამკარიანი  კარადა იყო, ძველებური, მძიმე.

       – ადექი, ბიჭო! – ამჯერად უფრო მკაცრად უთხრა ნინელიმ.

       თემური დაღრეჯილი სახით წამოიზლაზნა. სანამ საწოლს მოშორდებოდა, კიდევ ერთხელ შეხედა პატარას, რომელიც ახლა გვერდზე გადაბრუნებულიყო და კვლავ იშმუშნებოდა. 

       – ფხიზლად იყავი! – გააფრთხილა ცოლი. – თუ ლოგინისკენ გამოფრინდა, ბავშვს უცებ საბანი გადააფარე და შენც  გადაეფარე. თვალები არ ამოთხაროს კლანჭებით.

       – მეშინია! – წამოიკნავლა ანამ.

       – ნუ გეშინია, აგერა ვართ ყველა, – დაამშვიდა ნინელიმ.

       ილო და თემური კარადას მიაწვნენ და ცოტა გვერდზე გააჩოჩეს. ნინელი ცოცხმომარჯვებული იდგა მათ გვერდით, ხოლო ანა მზერად ქცეულიყო და ყოველ წამს მზად იყო მტაცებლი ფრინველისგან დასაცავად საკუთარი სხეულით გადაფარებოდა შვილს.

        ჯერჯერობით არაფერი ჩანდა,  ჩამიჩუმიც არ ისმოდა.

        კარადა კიდევ გააჩოჩეს და ცალ მხარეს კედლიდან გამოწიეს. ნინელი ცოცხით ხელში კარადის უკან შევიდა, მაგრამ კვლავ ვერაფერი ნახა.

        ამასობაში ბიჭუნას  გაღვიძებოდა, დედის გვერდით ლოგინზე წამომჯდარიყო. ბაბუაო, დაიძახა და დიდების საქმიანობას ცნობისმოყვარედ მიადევნა თვალი.

       კიდევ რომ გამოსწიეს კარადა, კუთხესთან რაღაცამ გაიფაჩუნა, მერე უცებ  ფრთხიალით ისკუპა და თვალის დახამხამებაში ლოგინზე დახტა. ანამ განწირული ხმით შეჰკივლა. სანამ საბანს გადააფარებდა, ბავშვი დაუსხლტა და მარჯვედ დაავლო ხელი საკმაოდ დიდი ზომის კალიას, რომელიც ძალიან ჰგავდა მის ხტუნია სათამაშოს.

       ბიჭუნას ნადავლი თავის პატარა მუჭში მოემწყვდია. თავსა და ბოლოს ინტერესით ათვალიერებდა, ვერა და ვერ გააგდებინეს. ნინელიმ კარგი რამე მოისაზრა: ხელში ატატებული  ფანჯარასთან მიიყვანა, ჰოდა, ბებიამ და შვილიშვილმა, რომელიც ყველაფერს მოხელთებულს ისედაც აგდებდა გარეთ, „მტაცებელს“ ერთობლივად გადაუძახეს ღამის სიბნელეში.

                                                                             5

       საფრთხემ რომ ჩაიარა, ანა მკვირცხლად წამოდგა ლოგინიდან, ფანჯარასთან მიცუნცულდა და საიმედოდ ჩაკეტა.