პოეზია

ბექა ჩანტლაძე – ალფა და ომეგა

ალფა და ომეგა

ჩემი გონება ხშირად ხატავდა აპოკალიფსის სურათებს,

სანამ იმის გააზრება არ დავიწყე, რომ თვითონ ვარ აპოკალიფსი.

თვითონ ვარ ალფა და ომეგა,

ბირთვული ომიც და ცივი ომიც,

სიმშვიდეც და შფოთვაც,

ნგრევაც და შენებაც,

განვითარებაც და რეგრესიც,

ამბოხებაც და მშვიდობიანი პერიოდიც,

ლურჯი და წითელი აბიც და ამ აბებს შორის არჩევანიც,

მე ვარ ის, ვისაც თვალის გუგების ნაცვლად,

თვალის ბუდეში მწვანე ვაშლები აქვს,

ვინც საბოლოოდ, როგორც იქნა, საკუთარ დემონებთან თანაცხოვრება ისწავლა,

ვინც ბაბილონის გოდოლზე მაღალი შენობა ააშენა

და ყოველ ღამით  ამ შენობის სახურავზე

ბომბდამშენებს ელოდებოდა, რომ შემდეგ მათთვის ფრთები მოემტვრია,

ვინც არც ერთ საქმეს  თავი არ შეაკლა და ნაბიჯ-ნაბიჯ შეიგრძნო
 მიღწეულით  გამოწვეული სიხარული,

ის, ვინც დედოფალს იცავს და არა მეფეს,

ვინც თირკმელებით ხუთას ლიტრ წყალს ატარებს
 და, თუმცა. მოსე არ არის, შეუძლია წყურვილი მოუკლას

ყველას, ვისაც კი წინ მიუძღვება უდაბნოში,

ვინც არ ყვირის მანამ, სანამ ჩურჩულს არ ისწავლის,

ვისაც არაერთხელ უოცნებია, საკუთარი ლექსების დაწვაზე,

ვისაც ისევ უსხია ჭიქაში ტოკიოს ხმაური,

ვინც არავის აიძულა მის გვერდით ყოფნა,

ვინც თვითმფრინავების ანგარია და არა გზატკეცილი,

ვინც ტრენდებს კი არა, საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას მისდევს ფეხდაფეხ,

ვისაც ცალი ხელი ჰყოფნის, სანდო ადამიანების ჩამოსათვლელად,

ვინც მედუზა გორგონამ ვერ გააქვავა,

ვინც ათასჯერ დანაწევრდა და მაინც გამთლიანდა,

ვინც იცის ცხვირიდან წამოსული სისხლის გემო,

ვისაც ჯერ კიდევ დასაწყისიდან ესმოდა ხმები,
რომ უნდა შეშვებოდა წერას, მაგრამ ეს ხმები

მისთვის გამაღიზიანებელი ხმაური იყო,
 ამიტომ ყურადღებაც არ მიუქცევია მათთვის. 

ვინც ომში პეპლებს არ უშვებს,

ვინც ქაოსშიც კი წესრიგს ეძებს,

ვინც მთვარე შთაგონების წყაროდ კი არა, უბრალო ოთახის ნათურად აქცია,

ვინც სადღაც შუაშია: ფრენასა და ფესვების გადგმას შორის

მაგრამ თუ მოინდომებს, ქარიშხალი იქნება, რომელიც

გაანადგურებს სიძულვილით სავსე სახლებს,

ვინც ბისექტრისას არ ანდობს სამკუთხედის გაყოფას
 და ყოველთვის თვითონ ჰყოფს მას,

ვინც არ დაემსგავსა იმას, ვისთანაც ყველაფერი დაასრულა,

ვისაც მხოლოდ ის სურს, რაც ჭირდება,

ვისთანაც მტრედები ზეთისხილის რტოთი კი არა,

ხელყუმბარებით მოფრინავდნენ,

ვინც საკუთარ ღვიძლს იჭრის, მას მცირე ნაჭრებად ჭრის,

ზედ ლექსებს წერს, კონვერტებში დებს და შემდეგ

ამ კონვერტებს  არწივებს ატანს სხვადასხვა მხარეს,

ვის მუცლის ღრუსაც  სწორედ მეგობრის სამართებელი

იცნობს ყველაზე კარგად,

ვისაც არ აქვს და არც არასდროს ჰქონია სურვილი,

თვითმკვლელობის საშუალებები მოესინჯა,

ვისაც ურჩევნია სძულდეთ, ვიდრე იგნორირებული

იყოს და არ იცოდეს ამის შესახებ,

ვინც ზარ-ზეიმით არ აღნიშნა მინის ნამსხვრევებზე

ფეხის დაბიჯება.

მე ვარ ალფა, ომეგა და ყველაფერი მათ შორის.

მე ვარ ის, ვინც თაყვანი გცა ორჯერ და ვისი

დანგრევაც ასე ძალიან გინდოდა, მაგრამ რადგან

მე ვიწინასწარმეტყველე  ეს ყველაფერი, შენს დარტყმებს

მომზადებული შევხვდი.

და ახლა ვდგავარ ისე მაღალი, როგორც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი,

რომელიც თითქოს არასდროს განადგურებულა.

ისე მაღალი, როგორც „ემფაიარ სთეით ბილდინგი“

(თუმცა კინგ-კონგი ვერ მოაღწევს ჩემამდე),

ვდგავარ ისე მაღალი, როგორც არასდროს
 და ღმერთიც კი აღფრთოვანებულია ჩემით.

მე ვარ ის, ვისი დანგრევაც ასე ძალიან გინდოდა

მაგრამ ჩემი ყველა ლექსი აგურია,
ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა შენი ნასროლი ბომბი მომხვდა,

თავიდან ავაშენე ჩემი ციხესიმაგრე.

მე ახლა ისე მაღალი ვარ, არ შემიძლია უარვყო ჩემი სიმაღლე,

არ შემიძლია უარვყო ჩემი ფერისცვალება, მაგრამ ყველაზე მთავარი,

რის უარყოფაც არ შემიძლია, არის ის, რომ
ჩემი ჭრილობები ფარაონების სამარხზე უფრო ღრმაა,
მაგრამ ამ ჭრილობების შიგნით  ჯერ კიდევ გაუშლელი ფრთები იმალება.

Leave a Reply