პოეზია

ბათუ დანელია – ლექსები

 რ ო ც ა  მ ო მ ც ე მ ე ნ  ს ი ტ ყ ვ ა ს 

გამოვალ და ვილაპარაკებ
უთქმელების სალაპარაკოს...
ვილაპარაკებ, როგორ ამოდის
მზე დაისიდან, ჩასვლიდან რაღაც
სამიოდ წამში, სისხლით მოთხვრილი,
და როგორ მოსდევს უკან ჩვენი ყველა კარგი დრო...
ვილაპარაკებ მეგობრობის გამეჩხრებულ ტყეზე,
სადაც ირმებზე და შვლებზე
ნადირობა მაშინ აკრძალეს,
როცა ისინი გადაშენდნენ...
ვილაპარაკებ სიყვარულის დამშრალ ზღვაზე,
სადაც შემთხვევით პოულობენ
თავთავიანთი ბედნიერების დაღუპულ გემებს...
ვილაპარაკებ ერთგულების აწ დაცემულ სამეფოებზე,
რომლის მშვენიერ ნანგრევებში
მხოლოდ მთვარე თუ შედის რიდით,
როცა ჩვენ გვძინავს...
კიდევ იმას ვილაპარაკებ,
რაც მიწას მუდამ ენაზე ადგას,
მაგრამ როგორც კი გაიხსენებს
და თქმას აპირებ,
მაშინვე პირს ყვავილებით და
ჩამავალ მზით ამოუვსებენ
და უქცევენ ვიღაცის საძვლედ.
კიდევ ის უნდა ვილაპარაკო,
რომ არაფერზე ვილაპარაკებ,
როცა სამშობლოს ყველა კუნჭულს დამიბრუნებენ,
რომლებზეც ჩვენი არსებობა დასაბამითობს...
კიდევ ის უნდა ვილაპარაკო,
რომ დღევანდელი დღე ვალი არის -
გუშინდელ დღისთვის ხვალ ყველასი გადასახდელი...
იმაზეც უნდა ვილაპარაკო,
რომ მეშინია მიწისძვრისას,
არა სახლების დანგრევისა,
არამედ იმის, რომ დედამიწა
არ გაუვარდეს ცას ხელიდან რაგბის ბურთივით...
და ბევრ ამნაირ რამეზე ვილაპარაკებ,
აბა, თქვენსავით, მსმენელთა ყურებს
მხოლოდ იმით ხომ არ გამოვტენი,
რაც მენატრება და მესიზმრება!
გამოვალ და ვილაპარაკებ
უთქმელების სალაპარაკოს -
თქვენ ჩვენ მუნჯები ხომ არ გგონივართ!
 
 
 
 
 გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ი   ს ი ხ ა რ უ ლ ი
 
როგორ არ უნდა მიხაროდეს გამორჩეულად,
რომ ზოგჯერ მაქვს საშუალება,
აღარ ვიყო ადამიანი
და ვიყო შაშვი, პეპელა, ორბი
და ფრთოსანი ნებისმიერი,
რაც მომინდება თვითონვე, რადგან
ზოგჯერ ნამდვილად ამოვდივარ ჩემი თავიდან,
ჩემში გაჩენილ მალების კიბით!..
 
 
თეთრი
 
გეტყვი როგორი თეთრი მიყვარს:
არა ქაღალდივით და არა ბამბასავით,
და არც თოვლივით, და არც რძესავით,
არამედ მიყვარს ისეთი თეთრი,
როგორიც იყო დედაჩემის თავი,
როცა, ძალიან დამცხაო და,
შავი თავშალი გადაიძრო,
რამდენიმე წუთის წინ - სიკვდილამდე...
 
 
ს ხ ვ ა შ ი ნ დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა

მე დღეს არ მინდა დავბრუნდე შინ
შინ დაბრუნებაც მოძველდა დიდიხანია
ხომ შეიძლება მის მაგიერ
რამე ახალი მოვიმოქმედო
მაგალითად წავიდე სხვაშინ
და ვარსკვლავები მხვდებოდნენ გზაში
და ჩემთან ჰქონდეთ გასაუბრება
ისე როგორც უტარებენ აბიტურიენტს
არ შეიძლება სამყაროში არ იყოს სხვაშინ
სადაც არასდროს აღარ დამხვდება მარტოობა როგორც ბედის
ფარდობითობის თეორია
არ შეიძლება არ იყოს სხვაშინ
სადაც სულ წახვალ როცა გსურს მაშინ
და არა მაშინ როცა მზე ჩავა
და ვახშმის ჟამი მოიკითხავს
შიმშილის გრძნობას
ანდა უკეთეს შემთხვევაში
მაშინ როდესაც
ქუთუთოებქვეშ გინდა თუ არა
დაგისხდებიან ძილის გვრიტები
არ შეიძლება არ იყოს სხვაშინ
სადაც ერთხელღა დავბრუნდები მარტოოდენ და
სადაც დამხვდება ცოლი, დედა და ბებოჩემი
ნაყოლი ძროხებ-ხბოებით და
ძაღლებ-კატებით
და დავსხდებით და ვილაპარაკებთ
უერთმანეთოდ ყოფნის გაუსაძლისობაზე
იმაზე კიდევ რომ არასოდეს
არ დავშორდებით ერთმანეთს აწი.
 
 
ორი   დახუჭობანა
 
დედასთან ორჯერ ვითამაშე დამალობანა
და ორივეჯერ მე დავიხუჭე,
პირველად სამი წლისა ვიყავი
და მაშინათვე მოვძებნე დედა,
ხოლო მეორედ დედა იყო ოთხმოცდასამის
და ისე მაგრად დაიმალა,
რომ დღემდე ვეძებ...
 
 
 
 
გ ზ ი ს    გ ა მ ყ ვ ა ნ ი

ჩემი თავიდან უნდა დამეწყო
გზის გაყვანა და გავსულიყავი
ისევე ჩემი თავის ბოლოში.
თურმე ჩემიდან უნდა დამეწყო!
აი, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან
და როდისმე გავალ ჩემი თავის ბოლოში,
ოღონდ ყველაფრის გავლით, რასაც კი
თუნდაც ერთხელ მაინც შევეხე:
მე ვარსკვლავების წინააღმდეგ
უსასრულობის რიკ-ტაფელა მითამაშია
და დამარცხება მომიგია...
მე კარგ სიზმრების სანახავად
ღამეები გამომიშიგნავს
მაგრამ არასდროს ჩავწოლილვარ
შიგნით, კმაყოფილ წრუწუნასავით...
სულ გზა გამყავდა და მოვდიოდი,
ოღონდ საიდან - საკვირველი სწორედ ესაა -
ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ისეთი კარგი,
რომ მოვდიოდე მე ბავშვობიდან...
მე მოვდივარ მარტოობიდან -
მარტოობა იყო ჩემი
მიწა ყველაზე მოსავლიანი,
სადაც ვრგავდი გიგანტ ყვავილებს
გვირილისხელა დედაჩემისთვის.
მარტოობა იყო ჩემი ის მუსიკა ულამაზესი,
სადაც ყურებზე ხახვს ვერ მაჭრიდნენ...
ღამით ჩემს ციცქნა საძინებელში
შემოდიოდა მთვარის ბაღი თვალუწვდენელი,
ხელში მარკ ტვენის "ტომ სოიერით"
და უნახავ და კარგ სიზმრებით
გაფოთლილი და აყვავებული,
მაგრამ - მარტო, მარტო ვიყავი!..
ღამის გუმბათზე უძინარი
დავდიოდი სიზმრის ფეხებით
და ჩამოვარდნის არ მშინებია,
რადგან სად უნდა დავვარდნილიყავ,
თუ არა ისევ მარტოობის ფაფუკ ლოგინში!
გზა კი გამყავდა, სულ გამყავდა,
გზა სინათლიდან სიბნელემდე
და სიკეთიდან ბოროტებამდე,
რომ მეშველა ვიღაცებისთვის,
მაგრამ იმას რას ვიფიქრებდი,
თუ ბომბეიდან ლონდონამდე
გვირაბის გათხრას დამაბრალებდნენ!
ჩემი თავიდან უნდა დამეწყო -
ჩემი თავიდან გამეყვანა გზა და ჩემივე
თავის ბოლოში გავსულიყავი.
და, ჰა, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან.
 
 
ა დ ა მ ი ა ნ ი   გ ა რ ა მ ო ე ბ ე ბ ს   შ ო რ ი ს

ცხოვრებას როცა შევედავე
და ფეხიც ამოვკარ ერთ ადგილას,
იმ დღიდან მტკივა, ფეხი კი არა,
და, სხვათა შორის, არც თავი,
არამედ ყველა ვარსკვლავი და კვირტი ყოველი,
თითქოსდა ტანზე გამომყროდნენ...
და მერე, როგორც მოისართა სამიზნე ბოძი,
გარემოებებს შორის აღმოვჩნდი.
მე ქვას ვმღეროდო,
წყალს ვყვიროდი,
მიწას ვსუნთქავდი,
რომ გამძლეობა მომეხვეჭა...
მე შემოდგომის ფოთლებივით ვთოვდი განცდებს
ჩემი დაფარულ სიმართლის გასაშიშვლებლად,
მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა
ტანჯვის ამბავში -
ტანჯვა მაინც ტანჯვად რჩებოდა -
სიამედ ვეღარ გარდავქმნიდი.
მე ზოგჯერ სულაც არ ვიყავ მე
და მაშინ ჩიტს ჩიტი ვეგონე,
შეშლილს - შეშლილი და ძაღლს - ძაღლი
და სარკე ჩემში იხედებოდა,
რომ დაენახა ჩემი მტრები ყველა, ვისაც კი
ერთხელ მაინც ჩაუხედავს გუბეში, ჭაში,
მით უმეტეს, საკუთარ თავში.
აქ დაცემული მინახავს წლები,
რომლებისთვისავ, როგორც ხარისთვის,
ადამიანებს ხოხბის ყელი გამოუღადრავთ
და სისხლს წყალით კი არ რეცხავდნენ -
ჯიბეებში იჩხრიალებდნენ...
და იმ დახოცილ წლების ჩონჩხზე,
როგორც შუშის ნამსხვრევებზე,
მე დავდიოდი დაჩეჩქვილი ფეხიხგულებით...
და მხოლოდ დარდი მცემდა ნუგეშს
და მომიძღვნიდა სითბოს ყინვა,
სახურავებზე ჩამომხრჩვალი
და ევერესტი ზღვის დონეზე დაბლა მეძახდა
და მუჭის სიმსხო ბგერებს ვჩრიდი
პირში ჩემს სმენას,
დაყრუებას რომ გავქცეოდი...
ხოლო კარები თავიანთ თავში
მე მაღებდნენ და კეტავდნენ სივრცეს
და მე დაგუბულ ტირილს მთებს შორის
თოკად ვაბამდი მოგონების ჯამბაზებისთვის
და ბულბულების ჩიჩახვები ამტკივდნებოდნენ
ყელში, რომელიც უმღერლობის ამტანი იყო...
სწორედ ამიტომ ამოვარტყი
ერთ ადგილას ფეხი ცხოვრებას,
როცა გამოღმა შემომედავა...
და მე სიყვარულს ბოდიშს ვუხდი
ისე, როგორც დარჩენილ ვალს,
რომლის გადახდა აღარ უნდათ
ზოგ-ზოგებს ზოგჯერ,
მხოლოდ იმიტომ, რომ პროცენტები
ვალზე მეტი აქვთ გადახდილი...
მე მწიფე ბაღში მიკრეფია
მკვდარი ფოთლები და ვარსკვლავები -
არსაიდან დაცვენილები
და მათით დამწვარ ხელისგულებს
ვმალავდი ხალხში,
როგორც ჭამის წინ მალავს ბავშვი
გათხუპნილ თითებს
მხოლოდ იმიტომ, თუ გამოუჩნდა,
დედა უთუოდ დააბანინებს,
და ვიცი - სხვაფრივ თუ მოვიქცევი,
ყველა ნაკლი გამომიჩნდება.
მე ისიც ვიცი, ბოლოს და ბოლოს,
თუ ნატვრა კუბში არ აიყვანე,
ვერ აისრულებ ვერასდიდებით...
და, რა თქმა უნდა, ცხოვრებაზე
სხვა წარმოდგენა
შეექმნება კაცს, ვინაც თავის სადარბაზოსთან
შეეჯახება მელნისფერ ღრუბელს
და მისგან გაბმულ წვიმის წვეთებში
გაიხლართება, როგორც ბუზი ობობას ქსელში
და იმ უხილავ მაგნიტის ძალით,
რაც რკინას ახლოს არ იკარებს
და განიზიდავს,
იზიდავენ ის სივრცეები,
იმთავითვე რომ იყვნენ თურმე განკუთვნილი
იმ ფრთოსნებისთვის,
რომლებმაც წლეულს ნაჭუჭებს ვერ გამოაღწიეს.
არ შეიძლება გერქვა ძლიერი
იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევ!
ძლიერი უფრო ისაა, ვისაც
გარეული იხვიც ერევა
თავის ბუმბულის სიმშვენიერით
და ჩახმახის გამოკვრამდე ხელებს უბორკავს...
არ არსებობენ ცუდი და კარგი გარემოებანი,
არსებობს ადამიანი,
რომელიც დგას გარემოებებს შორის,
როგორც საგზაო ინსპექტორი მოედნის გულში...