პროზა

არჩილ თოდუა – ლევექ ავნერის წერილები ზილას

ქაოსი

თვეზე მეტია სტამბოლში ვარ. არც კი ვიცი აქ რისთვის ჩამოვედი. წლების მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ თავგზა ამიბნია, დაბნეული დავდივარ ერთი ადგილიდან მეორეში. ვეძებ… თუმცა არც კი ვიცი ვის ან რას. ზოგჯერ საკუთარი თავის მეშინია, იშვიათად მაგრამ მაინც ვზომავ, ვაფასებ ჩემს ნაბიჯებს და ყველაფერი რასაც ვაკეთებ რბილად, რომ ვთქვათ უცნაური მეჩვენება… 


ყოველ დღე წვიმს, ქუჩებში უჩვეულო სიცარიელეა… წვიმა, თოლიები, ტრამვაი, მოლას ლოცვა, ნისლი, ზღვის ტალღები და უცნაური ხმა, რომელსაც ქალაქი გამოსცემს დიდ სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, თითქოს რაღაც მუსიკას უკრავენ რომელიც საძილე ამბებივით მოქმედებენ და რეალობიდან სადღაც სხვა სამყაროში მიმარბენენ. მუსიკა მხოლოდ სიარულისას მესმის… ყოველ საღამოს, სრულად გალუმპული ვბრუნდები. წყლის ნაკვალევს ვტოვებ სასტუმროს კარებიდან ჩემს ოთახამდე. გუშინ დილით მოსამსახურე ბიჭმა ლურჯი შარფი მაჩუქა – თქვენ, რომ გიყურებთ ვხვდები სტამბოლი შეგიყვარდათ, შარფი კი იმედია გაციებისგან დაგიცავთო…

ძნელია ამ ქალაქში დაუფლებულ გრძნობათა გადმოცემა. ღამით, ღრუბლებს მიღმა მთვარე კი არა ქალღმერთი ჩანს, რომელიც ისე შემოგყურებს იძულებულს გხდის ძველ მოგონებებს მისცე თავი. დაღემებისთანავე ზღვის ნაპირას მდგარი „ქალწულის კოშკისკენ“ მივდივარ, ალბათ გსმენია მის შესახებ – ამ შენობაში ქურუმი ჰერო იყო გამომწყვდეული, მისი სატრფო ლეანდროსი კი ღამ-ღამობით ბოსფორის ტალღებთან ბრძოლაში იყო ჩართული გულისწორამდე, რომ მიეღწია. ჰერო სანთელს ანთებდა სატრფოსთვის გზის გასაკვალად, თუმცა ერთ დღესაც სანთელი ქარმა ჩააქრო, დილით კი ლეანდროსის სხეული ტალღებმა გამორიყა, ჰერომაც ზღვის ტალღებს შორის დაასრულა სიცოცხლე.


ადგილობრივების თქმით „სტამბოლის ყველაზე საშინელი ხედი ქალწულის კოშკიდან იშლება და ეს იმიტომ, რომ იქიდან თვითონ მისი სილამაზე აღარა ჩანს“. ყველაზე მშვიდად სწორედ აქ, ქალწულის კოშკთან ვგრძნობ თავს, ალბათ სიგიჟეა მაგრამ მე მგავს თითქოს – ერთ დროს ბერძნული შენობა, რომელიც მრავლჯერ იქნა შეცვლილი არა მხოლოდ ბერძნულია ან თურქული, არამედ ამ სრუტესთან განვლილი ასეულობით ისტორიის ამსახველია… მეც ასე ვარ, არეული, უცნაურად აზელილი, სხვადასხვა ფერის ქვისაგან აშენებული სახლივით, არც ცალკე აღებული რაიმე ებრაულია ჩემში და არც იმ რომელიმე ქვეყნისა სადაც მიცხოვრია, ალბათ ამიტომაც არ მიჭირს მშობლიური გარემო მოვძებნო ყველგან და არ გამიჩნდეს ნოსტალგიის მცირედი გრძნობაც კი.


სანაპირო სავსე იყო სხვადასხვა ზომის ნიჟარებით, გახსოვს ალბათ ბავშვობისას ასობით ვაგროვებდით, ერთმანეთზე ვაწებებდით და უცნაური ფორმის ქანდაკებებს ვაკეთებდით, დიდ მოქანდაკეებად მოგვქონდა თავი… ბავშობისას, ნიჟარიდან გადმოსული ზღვის ხმის ნაცვლად სტამბოლის ნიჟარებში სიცარიელის ხმა ისმის… სიბნელეში საათზე მეტ ხანს ვიდექი და ნიჟარიდან მომავალი სიციარიელს ხმას ვუსმენდი. მაშინ მივხვდი რომ ჩვენი – ყველა ადამიანის განვლილი გზა ამ ხმის მსგავსია, თითქოს მრავლისმომცველი მაგრამ იმდენაც მცირე და არაფრისმთქმელი, რომ მილიონობით ადამიანის ისტორია ერთ პატარა ნიჟარაში დაეტევა. 

დღეს ამ ამბით უნდა მოვრჩე წერილს, ხვალ მეთევზეების გემს მიყვები ზღვაზე, იმედია გამოიდარებს და მშიდ ზღვაში მოგვიწევს ცურვა, მეთევზეები მაიმედებენ, რომ საშიში არაფერია…


და ერთი რამ – დილაობით საკრეში, რომ ვიხედები ჩემს გვერდით მას ვხედევად, თითქოს ისიც აქ არის და გაღიმებული იყურება… თუ გახსოვს იაფადან გამოგზავნილ წერილებშიც იგივე ამბავს გწერდი…  სტამბოლშიც, იაფას მსგავსად სასტუმროს აბაზანის ფანრჯიდან ზღვის ხედი იშლება და შესაძლოა ეს ქმნის ამ ილუზიას…




სიკვდილი

მეორე დღეა ზღვაში ვართ. გემიდან წერილის გაგზავნას ბუნებრივია ვერ მოვახერხებ ამიტომაც ვავსებ ფურცელს ახალი ამბებითა და შეგრძნებებით.
ზღვაში გასვლისას ცა მოწმენდილი იყო, მზე ზანტად მიბობღავდა და ათასფერად ღებავდა დედამიწას. დილით იმდენად დიდი იყო თითქოს სამყაროს ჩაყლაპვას აპირებდა, შემდეგ დაპატარავდა, მაღლა ავიდა და ცაზე ჩამოეკიდა. პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა გემბანზე, თანდათან ვშორდებოდით ქალაქს, შუადღისთვის ჩვენს გარშემო მხოლოდ ზღვის თვალწუვდენელი სივრცეები ჩანდა და სხვა არაფერი. რამდენჯერმე დელფინებსაც მოვკარით თვალი. ინტერესით ვადევნებდი თავლყურს მეთევზეეებს, დილით ძალიან დიდ და გრძელ ბადეებს უშვებდნენ ზღვაში, საღამოს კი ათასობით თევზი ამოჰყავდათ – სიკვდილთან მებრძოლი თევზების უიმედო ხტუნვამ დამზაფრა. ეს ბრძოლა კი არ წყდებოდა, ბადეში ყოველ დღე უამრავი თევზი ეხვეოდა. გაქცევა მომინდა თუმცა არც ცურვა ვიცი და ნაპირიც ძალიან შორის იყო.

ადამიანები, ცხოველები, ფრინველები სიკვდილთან ბრძოლისას ხმას გამოსცემენ, შეიძლება ხტუნვაც დაიწყონ, ფართხალიც. თევზები კი არა წინააღმდეგობის გარეშე თუმცა სიკვდილს უხმოდ ხვდებოდნენ და ეს პროცესი ყოველ დღე დაუსრულებლად გრძელდებოდა. ფაქტობრივად შუაგულ ომში ვიყავი სადაც წინასწარვე იყო ცნობილი ვინ ვისზე გაიმარჯვებდა. 



ერთმა მეთევზემ პატარა, ძალიან ლამაზი თევზი მომაჩეჩა ხელში. თქვა რომ ამ სახეობის თევზი იშვიათია და მას თუ დაიჭერ იღბალი მოაქვსო. თვალები გახელილი ჰქონდა (არ ვიცი თევზებს აქვთ თუ არა თვალების დახუჭვა-გახელის უნარი), ცივი და უძირო მზერა ერთ ადგილას გაყინვოდა. დიდ ხანს ვუყრებდი, თითქოს მეძახდა, საშველად მიხმობდა, რაღაცის თქმა ცდილობდა მაგრამ ვერ მაგებინებდა. წარმოვიდგინე თუ როგორ წარიმართებოდა მისი სოცოცხლე ბადეში, რომ არ გახვეულიყო. ჩემს წარმოსახვაში მეც მასთან ერთად დავცურავდი ზღვაში, ჩავდიოდი ზღვის ფსკერამდე უამრავ მოციმციმე ლიფსიტებთან ერთად, ვხედავდი ლამაზ წყალმცენარეებს, წყალში მოცურავე ზღვის ცხენებსა და ვარსკვლავებს… 

ადამიანების გზა, რომესლაც გადიან სისოცხლის განმავლობაში არაფრით განსხვავდება თევზის მიერ გასავლელი თუ გასაცური გზისაგან, რაც არ უნდა დიდი იყოს უკვე განვილი/გაცურული მანძილი ყველაფერი უფასურდება, პატარავდება, ქრება, იყინება სიცოცხლის იმ ბოლო წამს როდესაც ადამიანები, თევზები, ცხოველები, ფრინველები ფართოდ ახელენ თვალებს და სამუდამოდ ჩერდებიან…

ჩემს არყოფნაში სტამბოლი სრულიად შეცვლილიყო –  სიცხე, ავტომობილების მიერ წარმოქმნილი საცობი და ათასობით ადამიანი, რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ. ქალაქი, რომელიც წვიმიანი ამინდებისას არც თუ ისე დიდი მეჩვენებოდა გამოდარებისთანავე უზამაზარ, ქაოსში ჩაძირულ სამყაროდ იყო გადაქცეული….

სასტუმროში დაბრუნებისთანავე აბაზანაში შევედი, სარკეში ჩავიხედე და ის ისევ იქ იყო, თითქოს ჩემს გვერდზე იდგა და მიღიმოდა… მინდოდა, რომ ეს დრო უსაშველოდ გაგრძელებულიყო თუმცა ქუჩიდან მომავალი ხმაური – მანქანების უწყვეტი სიგნალი, ადამიანთა ხმა, მატარებლებისა და გემების საყვირი, ტრამვაის ზარი გაცოფებული შემოდიოდნენ ჩემში და მიკლავდნენ აქ დარჩენის სურვილს…



ბარგი ჩავალაგე, მომსახურების ხარჯები დავფარე და როგორც შეშინებული ბავშვი მირბის ხოლმე დედისკენ ისე მოვდივარ შენთან, მინდა, რომ ის საათები, რომელიც თვითმმფრინავს სჭირდება ჩვენს შორის არსებული კილომეტრების დასაფარად რამდენიმე წამად იქცეს…




დაბრუნება

სახლი ცარიელია, არც სკამებია, არც მაგიდები და კარადები, სრული სიჩუმეა – ერთი ტუმბოა მხოლოდ საძინებელში და რამდენიმე ნახატი კედლებზე… ტუმბოზე გაუხსნელი კონვერტები დამხვდა – ჩემი წერილებია… ყველაზე უცნაური კი შემოსასვლელ კარებთან დატოვებული შეტყობინება იყო – „ჩვენ სხვაგან გადავედით“ მხოლოდ ეს სამი თითქოს არაფრისმთქმელი სიტყვა და სხვა არაფერი! ხანგძლივი მგზავრობისგან ძალიან ვიყავი დაღლილი,  ზედ ჩემს ჩანთებზე გავწექი და დამეძინა….

მალევე გამეღვიძა,  თვალების გახელას არ ვჩქარობდი, ვცდილობდი ეს სახლი ძველებური, სიცოცხლით სავსე წარმომედგინა, თუმცა უშედეგოდ – სიჩუმე, რომელსაც დიდი ხანია აქ ბინა დაედო ხელს მიშლიდა უაზრო ფიქრებშიც კი… თვალები გავახილე, ჯერ ჭერს ვუყურებდი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ფერი შეცვლია – თეთრი საღებავი გახუნებულა, ზოგან კი დიდი ყვითელი ლაქები დამჩნევია, მზერა ჭერიდან კედელზე ჩამოკიდებულ ნახატზე გადავიტანე, ნახატზე ღამე იყო გამოსახული, კუთხეში ღრუბლები და მთვარე მოჩანდა, ქმევოთ ზღვა და ადამიანის სილუეტი მთვარესა და ზღვას შორის… მხატვარი ალბათ ეცადა ამ ნახატზე  ღამე, სიჩუმეში გამომწყვდეული, მარტო მყოფი ადამიანი დაეხატა, რომელიც არც ბედნიერი იყო და არც უბედურად გრძნობდა თავს.. და აი ათობით წლის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანის მარტოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მარტოობა სიჩუმის გარეშე შეუძლებელია, სიჩუმე ღამესთანაა კავშირში, ღამე სიყვარულთან… მარტოობის, სიჩუმის და სიყვარული ნაყოფი კი გათენებააა…



აღმოჩენა

მე გათენებას ვეძებ… ვიცი სადაც არის იგი… იგი შენშია… შენ იქ ხარ სადაც გზები მიდიან…. ყველა გზა მიდის შენამდე…




ილუზია

დილით სარკეში ყურებისას, რაც  უნდა დაუჯერებელი იყოს, შენ გხედავ მომღიმარს…



მოვდივარ…

შობა

შარშანდელი ზამთარი ცივი გამოდგა, ხან წვიმდა, ხანაც თოვლის ფიფქები თეთრ საბანში ახვევდნენ არე-მარეს, ყინვა ძვალსა და რბილში ატანდა. თითქოს მზეც გაიყინა, დილაობით შორეული მთის წვერზე ამოყოფდა თავს, გამოაჩენდა მიმქრალ სხივებს და მალევე მიიმალებოდა ღრუბლებში.  დამნაშავე ბავშვებივით ჰქონდათ თავი ჩაწეული ეზოში მდგარ ატმებსა და აკაციებს, შიშით გატრუნულები, სიცივეგამჯდარები, ხმაგაკმენდილები იდნენ და ელოდნენ მზის გამოჯანსაღებას, გაზაფხულის დადგომას, სითბოს ჩაღვრას სხეულში… სიცივე იყო განა მხოლოდ უფოთლოდ დარჩენილი ხეების, წვიმისგან დაჭაობებული მიწის, დანესტიანებული კედლების, არამედ მთელი სამყაროს პატონი…

–              თქვენ მარტო ხართ ამ სახლში?

–              არა, ათობით ნახატთან ერთად ვცხოვრობ, ნახატზე გამოსახული ადამიანები კი გადმოდიან ჩარჩოებიდან და წარსულის ამბებს მიყვეებიან…

–              ღმერთო, ეს რა მოგსვლიათ? ხომ კარგად გრძნობთ თავს?

–              რა თქმა უნდა. აი ხომ გესმით საფლავის ჭიშკრის ჭრიალის ხმა – ეს საძინებელში კედელზე ჩამოკიდებულ ნახატზე მოხუცი მამაკაცი აღებს და კეტავს საფლავის ჭიშკარს, ასეთი ჩვევა აქვს, სხვა გასართობი ვერ უპოვნია. ჩემთან არის ვიღაც ბავშვი ლურჯ შარვალსა და ზოლებიან პერანგში გამოწყობილი, გათენებისთანავე სათამაშოდ გამოსულა ეზოში; ჭაღარა ქალბატონი სევდანარევი სახით შეექცევა ჩაის; ვიღაც ბაბუა, რომელიც მომღიმარი სახით ეგებება ვიღაც ბებიას; ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილების თაიგულით ხელში; ვიღაც ქალები სრულიად შიშველნი დგანან აივანზე და ჰელიუმით გაბერილ ბუშტებს უშვებენ ცაში, იცით უამრავი ადამიანია ჩემთან, თუმცა ყველანი ნახატებზე არიან. დაუსრულებლად მიყვებიან თავიანთი ისტორიას… ჩემს სახლში დრო გაჩერდა… დრო როგორც ასეთი არც ერთ დროში არ არის, არც წარსულშია, არც აწმყოში, არც მომავალში… იქნებ დრო გამონახოთ და შემოგვიერთდეთ, საინტერესო დიალოგი გამოგვივა. თან ჩაის დავლევდით, იცით მუხის ფოთლების ნაყენს ვურევ ცხელ წყალში და საოცარი რამ გამოდის….

შემომხედა, თვალები შიშითა და გაკვირებით ჰქონდა სავსე, შემდეგ გაეღიმა – ეს არის იყო მხოლოდ ღიმილი, იგი დაცინვას, შიშსა და დარდს მოიცავდა ერთდროულად.

–              არა, იცით, მე დრო არ მაქვს, კარგად ბრძანდებოდეთ…

როდესაც ფანქარს და ფურცელს ავიღებ მგონია, რომ ახალს და საინტერესოს ვერაფერს დავწერ, თუმცა წერილები უსაშველოდ გრძელი და რთული გამომდის, ზუსტად ისეთივე როგორიც მე ვარ…

–              გზა თუ დაგითმიათ ოდესმე ვინმესთვის, ბატონო ლევექ? 

–              სანამ გიპასუხებთ, იქნებ მითხრათ, რომელი ხართ?

–              მე მოხუცი მებაღე ვარ, სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებული ნახატიდან, ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ იქნებ ჩვარი აიღოთ და მტვერი მომაცილოთ, სახეც კი მტვრითა მაქვს დაფარული. მგონია, რომ ერთხელაც არ შემოგიხედავთ ჩემთვის ყურადღებით!

–              ბევრი რამ დამითმია სხვებისთვის, გზასაც ვუთმობდი ხოლმე უცნობსა თუ უცნობებსაც კი, მაგრამ ეს არა რაიმე კეთილშობილური ნაბიჯი, არამედ ზიზღიანი მოცილება იყო, მე ყოველთვის გავურბოდი ადამიანებთან სიახლოვეს…

ახალი წლის მოახლოვება მეზობელი სახლების ფანჯრებს მიღმა მოციმციმე ფერადმა ნათურებმა მამცნეს, ნათურები გაუჩერებლად ციმციმებდნენ… მახსოვს, ბავშვობისას მოუთმენლად ველოდი ახალი წლის დადგომას, არა იმიტომ, რომ ან თოვლის ბაბუის არსებობა მჯეროდა, ანაც მისაღები საჩუქრები მახარებდა, უბრალოდ ყურადღებით ვადევნებდი თავლყურს ოჯახის წევრების მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომლითაც ცდილობდნენ ერთადერთი შვილისთვის ათასი სისულელლე დაეჯერებინათ. სულის სიღრმეში კი დავცინოდი „სპექტაკლის“ ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით მოხუც მამიდას, რომელიც იმდენად იჭრებოდა, როლში რომ მართლაც სჯეროდა სასტუმრო ოთახში გათამაშებული ზღაპრის… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ათობით წელი გავიდა თუმცა ამ უსაშველოდ დიდმა დრომ ვერ გამტეხა და ვერ მაიძულა უარი მეთქვა ახირებებზე, უცნაურ გამოხტომებსა და მარტოობაზე…

–              დილა მშვიდობისა, ბატონო ლევექ, მე არაბი ვაჭარი ვარ, თქვენი სახლის ყველაზე ძველი ბინადარი… რამდენჯერ უნდა გთხოვოთ იქნებ ამ ნახატს ნაჭერი მოაფაროთ. მცხელა, ვიწვი… სულელმა მხატვრმა უდაბნოში ამომაყოფინა თავი, თანაც ხომ ხედავთ მზე როგორ წვავს გარშემო ყველაფერს. თქვენ კი თბილი ტანსაცმლით, რომ ჩამივლით საშინელი გრძნობა მეუფლება, მგონია, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვი და ეს სამოცდაათ წელიწადზე მეტია დაუსრულებლად გრძელდება. მე თქვენი დაბადება მახსოვს, თქვენი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები, თუ გსურთ მოგიყვებით უცნობ ამბებს, ოღონდაც ძალიან გთხოვთ მომაფარეთ ნაჭერი ან ჩამოხსენით ეს ნახატი და აივნიდანვე მოისროლეთ… ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული, ამ ნახატის და ჩემი დასასრული კი საშინლად გაიწელა…

არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, ვუყურებდი სახეში და ვერ ვხვდებოდი, მისი თხოვნა გულწფრელი იყო, თუ ჩემი გამოცდა განეზრახა. გადაღლილი სახე ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა, ტანსაცმელი დაჭმუჭნული და დასვრილი ეცვა, ემჩენოდა, რომ არც ისე მშვიდი დღე ჰქონდა… ფრთხილად გავითავისუფლე თავი მისი მზერისაგან და აივანზე გავედი დილის ჰაერის ჩასასუნთქად…

–              თქვენი ნახატების პერსონაჟებს შორის მე ყველაზე გამოცდილი მეომარი ვარ, წლებია გაუჩერებლად ვიბრძვი თუმცა უიარაღოდ. ჩემს გარდა ვერავის ხედავთ ნახატზე?! ალბათ იფიქრეთ გაგიჟდა და წარმოსახვით მტერს ებრძვისო… ისე მიყურებთ მიხვდით, რომ ჩავწვდი თქვენს ფიქრებს! ცდებით ბატონო ჩემო, მე ჩემს თავს ვებრძვი, უფრო სწორედ ჩემი სახის ანარეკლს ამ უცნაური ფორმის სარკეზე, მინდა, რომ დავამარცხო, დავლეწო, გავაქრო… ყოველდღე ვესხმი თავს, ის კი ჩემზე მხნე და მამაცია, რადგანაც იძულებულია თავდასხმა მოიგერიოს. გასაქცევი არსად გვაქს, გაქცევა ხომ სულმდაბლობა და ლაჩრობაა, არ ვიცი ბედის სასწორი ვისკენ გადაიხრება, ვის მოუწევს ამ ბრძოლაში პირველს სიკვდილი… ვფიქრობ დამღლელიც კია დაუსრულებელი ბრძოლა, იშვიათად სულის სიღრმეში ვიღაც მკარნახობს, რომ ხსნა გაქცევაშია, რადგანაც მეც და ჩემს ანარეკლსაც გვძულს სიკვდილი… ამიტომაც არ გამოვიყენეთ არც ერთხელ იარაღი, არ დავღვარეთ არც ერთი წვეთი სისხლი, დაღვრილი ოფლი კი იმდენია დამშრალ ზღვებსაც კი გაავსებდა…

ახალი წლის ღამეს საძილე ამბებმა დედამიწიდან სხვა სამყაროში გადამისროლეს, სადაც არც სიცივე იყო, არც წვიმდა, არც ბუზღუნა ნახატები მიშლიდნენ მშვიდად ყოფნას, ეს სამყარო ბლანტი, ტკბილი წლით იყო სავსე და მეც ლიფსიტასავით დავყვებოდი მის ტალღებს ნაპირებიდან ნაპირებამდე… არ ვიცი რამდენი დღე ვიყავი ასე, თითქოს ცურვა უსასრულოდ გაგრძლდა, თუმცა უსასრულობაც როგორც შემდგომში აღმოვაჩინე რამდენიმე დღემ დაიტია….

„…აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები, ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი……“ და დაბადება გაგრძელდა საუკუნეების მანძილზე…

„….აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას….“

…არასოდეს მყვარებია დაბადების დღის აღნიშვნა, ზარ-ზემის გამართვა, არც კი მახსოვს, როდის არის იგი…  ბევრი ვიფიქრე და ვეღარ მივხვდი, რა აზრი აქვს იმ წლების

დათვლას, რომელიც ერთხელაც სამუდამოდ გაჩერდება…

…ფეხაკრეფით შემოიპარა ღამე, შემობარბაცდა დღე, ხელები  ჩასჭიდეს ერთმანეს და ისე მიქრიან, ვერ გაიგებ, ღამეა წინ თუ დღე… ატრიალებენ დედამიწას, გალაქტიკას,

სამყაროს, ყველაფერს ხილულსა და უხილავს…

…დაღამდება, გათენდება და ვინ იცის, მერამდენად ჩამოვხევ კალენდარზე  შობას.