პოეზია

აპოლონ ადონია – ლექსები

აპოლონ  ადონია  დაიბადა  1930  წლის  2 მაისს სოფელ კირცხში. პოეტი,  მთარგმნელი, მოაზროვნე. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული. `შენი ღიმილი~, `ხილვა პირველი~,  და  `გაელვებიდან  გამომზირალი~.  პოეტის არქივში უამრავი მასალა ინახება, მათ შორის, პოემა `საუბარი ერის სულთან~. 

გარდაიცვალა  თბილისში  2008  წელს,  დაკრძალულია სოფ. კირცხში.





* * *
უკანასკნელი ჰანგები შვებით
ცის ბინულივით გადმოიღვრება,
ცა გაიხსნება თავისი ნებით
და შეირხევა გედის სიმღერა.
არყოფნისაკენ გზის გაგნებაში
რომ მომეშველონ შენი თვალები
და სიყვარულის მზიურ გზნებაში
ნელ-ნელა ჩუმად დავიავლები.
დამეფარება პირზე დუმილი,
გზა გათავდება გაუხარელი:
მერე წამოვა ძაღლი ყმუილით
და შორეული ვინმე გამვლელი
დამმარხავს, ხის ქვეშ დაჯდება დინჯად,
გახსნის გაცრეცილ სამგზავრო ჩანთას,
გახედავს ყოფნა-არყოფნის მიჯნას,
განსჯის გულწრფელად ცრუსა და მართალს.
დააკვირდება ნაგრძნობს და ნაწერს,
ჩემს გამოტანჯულ ყოფნას მისაგნებს,
სურათს და ლექსებს ობისგან განწმენდს
გამოაგზავნის თბილისისაკენ...
დიდება გზას და ცის ერთგულებას,
დიდება იმ მგზავრს, სიკეთით სავსეს,
და შეითხზვება ჩემზეც თქმულება,
დავიწყებიდან ამოვალ ასე...
1951წ




* * *
არ მუშაობსო, უსაქმურად ეხეტებაო, _
მსაყვედურობენ თურმე ზურგს უკან
სხვისი ამბის ცქაფად მჩხრეკელნი.
მოშაინე ტვინფარვანები.
ვით არ ვმუშაობ? მე ეს მიკვირს,
ვერ გამიგია!
თვალმომაისე გაზაფხული როდესაც მოდის,
ფრინველთ გალობას ვუსმენ გულით.
ცამდე ვმაღლდები.
ეს ცოტა გზაა?
ამ გზის გავლას ფრენა არ უნდა?!
როცა მარცვალი ღვივდება და რტონი ჰყვავიან.
ვაღამ-ვათენებ მათ ფესვებთან,
მცენარეების სულს ვმფარველობ,
ნუთუ ესეც არაფერია?!
როს მოდავეებს ვამშვიდებ და მოჩხუბრებს ვთიშავ.
გულით მინდა ბრაზი მოვბოჭო,
გავაღვიძო ადამიანი.
ესეც უბრალო რამე ჰგონიათ?!
გადამფრენი ფრინველების კუთვას რომ ვუსმენ, _ 
მე უჩინარის ტკივილებით ვხდები ავად.
შემოდგომის ბურუსები ჩამდის სხეულში.
ლეიკემიით, გლიომათი დაავადებულ
ბავშვებს რომ ვუმზერ, _
ჩემი გული გასკდომას ლამობს.
რადგან ვერაფერს ვეღარ შველის მათ ჩვენი
ტვინი გაუღვიძარი, ეს ცრუ დიდება და ფაციფუცი...
როცა დათოვლილ მთებს და ველებს
გავყურებ ღამით, _
რომ მშობლიური მიწის გული არ გამეყინოს,
ჩემი გულიდან სისხლს ვაძლევ მას
და სითბოს ვეძებ.
შენთან ყოველდღე ვსაუბრობ წრფელად,
უმართლესო ნათელო სივრცის.
ვწერ და ვიღვიძებ, ადამიანს
ვამწიფებ ჩემში.
არ მუშაობსო, უსაქმურად ეხეტებაო,
რას არ იტყვიან!...
1955წ




* * *
რაც ქვეყნად გავჩნდი, რაც მახსოვს თავი,
უამრავ ლექსთა შევიცან ხვედრი;
ჩემი ტკივილი სხვა იყო მაინც,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
როცა შევხედე ჩემს პირველ მაისს,
ჩემი ოცნების ნათელი მტრედი
ლაჟვარდს სხვაგვარად არწევდა მაინც,
ლექსებს მეც სწორედ ამიტომ ვწერდი.
უთვალავ ტკივილს, უთვალავ ხალისს
ანთებდა ყველა პოეტის ბედი,
მე ვერცერთი ვერ მშველოდა მაინც,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
ერისიონზე შემომდგარ აისს
ხატავდა ყელი კოსმიურ გედის,
გადარეული მღეროდა თვალი,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
როცა სამყარო ამხელდა წყურვილს,
რომ გავყოლოდით იმის გზას ქმედითს, _
ვერ ეტეოდა სივრცეში სული,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
მეცნიერების ცვარანებს იქით
იდგა მორევი მთლიანი სევდის.
მის ნაპირებზე მწეწავდა ფიქრი,
და ლექსებს მუდამ ამიტომ ვწერდი.
მოჩანდა სახე მშობელთმშობელის
ოკეანეში, _ ხანძრით და ცეცხლით
ღვიოდა მარად შესაცნობელი,
ლექსებსაც მუდამ ამიტომ ვწერდი.
შეუცნობელის კარებთან მდგარი
ვგრძნობდი უხილავს და ბნელში ხედვით
დაავადებულს მარბევდა ქარი, _
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
მიყვარდა ქვეყნად სახე ყოველი,
თვით უსახურიც, და იმათ გვერდით
ვიდექი, მათი ხვედრის მგლოველი, _
და ლექსებს მუდამ ამიტომ ვწერდი.
რომ უმთავრესზე სდუმან ბაგენი,
რომ აღარა ვარ ამაზე მეტი, _
უკეთეს რამეს ვერ მივაგენი
და ლექსებს სწორედ ამიტომ ვწერდი...
1963 წ


* * *
აქედან ვიცი, ვერავინ გეტყვის
შენ ამ ბნელ ამბავს, შენახულს ობლად,
იგი ყოველთვის დარჩება შენთვის
ბრმა საიდუმლოდ და შეუცნობლად.
მე ეს გულს მიკლავს _ შენს გახსენებას
და შენს მშვენებას შევყურებ რწმენით.
ვებრძვი შორეულ დღეთა ჩვენებას
და ვიწყევლები დემონის ენით.
მერე ავდგები, გავაღებ კარებს.
შეურყეველი, როგორც მნგრეველი.
გადავევლები თოვლიან მხარეს
ჩემს არსებაში ჩაუტეველი.
სივრცეს გავყურებ გაუხარელი,
შეუშინარი და უძინარი;
ვამბობ, _ ჯერ კიდევ სუსხი მფარველის
და საიდუმლოს სული წინ არი! _
გაყინულ ბილიკს მივსდევ და მივსდევ,
მიმაქვს თოფი და სიტყვის საწერი;
მიცდის მშობლიურ მდინარის პირზე
თვალი ზეციდან ჩამონაცქერი.
და მაინც შენზე ფიქრის ტკივილი
ყველგან თან დამდევს როგორც მხლებელი,
ვდგავარ ბურუსში, შენი ღიმილის
და შენი მზერის განმსხვისებელი.
1952 წ


* * *
დრო ნელა გადის, სურვილი კვდება.
აღარ მიმელის ჩემი თაობა!
იმედად მაინც ორი რამ მრჩება,
აუმღვრევლობა და მუშაობა.
თუმცა რა ვიცი, ხვალ რა იქნება,
გამთენიისას იქნებ გავთავდე...
მე მაინც ძალმიძს ნათელ ფიქრებად
გულს სიკეთის ხმა წარმიმართავდეს.
სანამ ვარ, ხომ ვარ! ვიცი და მჯერა
უცოდველის გზის გულდაჯერებით:
კოსმიურობის უმთავრეს მწვერვალს
ისეთი წმინდა უკრთის ფერები, _
რომ ყველაზე ღრმა უფსკრულიდანაც
თუ გსურს, შეიძლებ შეავლო თვალი...
რადგან მწვერვალი იგი მთლიანად
სადაც კაცი დგას, ის მიწა არის.

1956 წ


E=MC²

ეს ერთი დიდი საიდუმლო
ამოხსნილია.
დაშლის პროცესის ბნელი სახე
გახდა ნათელი.
მაგრამ ეს ექვსი ქურდივით ჩუმი
ნიშანი ისეთ რამეს უპირებს
დაშლას,
რომელსაც მერე ვერავინ
ვერ დაუბრუნებს პირვანდელ სახეს...
უფრთხილდი ტვინო,
ტვინო უფრთხილდი;
ცეცხლმა შენ მიერ აღმოჩენილმა
არ გადაგადნოს უფორმო მასად.
1956




* * *
მე დამესიზმრა განთიადისას:
მზე მიდიოდა სადღაც შორს,
სულ შორს,
ქრებოდა მზე!
ეკარგებოდა სამუდამოდ
ზეცას სილურჯე,
ემსგავსებოდა მინავლებულ
ნახშირს და ნაცარს.
და დედამიწა მიგორავდა
ბნელში ბურთივით,
ტიროდა მთვარე,
გოდებდა სივრცე,
იცრემლებოდა ყველა ვარსკვლავი,
მგლოვიარე ბუნება თრთოდა.
დუღდა ქაოსი!
უსასრულობის მოსაბრუნში
გროვდებოდა ფერფლი და მტვერი,
ნახშირ-ნაცარი,
გროვდებოდა,
იზილებოდა,
იზერგნებოდა ცრემლთა წვიმაში.
ახალი მზისთვის მზადდებოდა,
ახალ ტვინისთვის.
ჩვენი ძველი მზე მიდიოდა,
გვტოვებდა იგი სამუდამოდ.
თან მიჰქონდა ჩვენი თავები.
1956 წ


* * *
ესაა ჩემი ხვედრი ნამდვილი,
ვერსად ვერ ვპოვო ბინა, ადგილი
და ჩუმად მოვკვდე ძლეულ დარდივით
წინსვლის სიმძიმით და სიადვილით.
მიუწვდომლისკენ სწრაფვის ღიმილი
მაინც ჩემია _ მისით ვმაღლდები
და მიამდება ყველა ტკივილი,
როცა მინთია ეს ჩირაღდნები.
როდესაც ვუმზერ სავალს შორეულს
ჩემს თავში ვხედავ მძინარ სადგურებს,
ხილვას უხრწნელის წმინდა ორეულს,
სიკვდილი ვეღარ გამინადგურებს.
მივყვები ლტოლვას დაუოკებელს,
მიხმობს შორეთი, გზა ულმობელი,
ვწევ ვნების აღვირს დაუმოკლებელს,
ცნობიერების გახსნას მოველი.
ზეცა მედება ბროლის ტალღებად
და მირაჟებში ცვივიან მთები.
სივრცეში ჩუმი ფიქრი მაღლდება,

ჩანს ახალი მზე იისფერ გზნებით.
მოვდივარ ასე... მადლობა ყველას,
ვინც ვინმეს არგოს, აამოს რამე...
მე კი გავყვები ჩემს ეულ ღელვას,
ჩემეულ გზას და უხილავ მგზავრებს.
1951 წ


* * *
ჩემო სათქმელო, იყავ, რაც გინდა.
შიშველი აზრის ცივი გლეტჩერი.
შიშველი გრძნობა, მზის სავარჯიშო,
ტლანქი მდინარის მღვრიე დინება.
გინდა ზღვის ღელვა, გინდა ნაკადულის
ხმა მოლიკლიკე...
იყავ, რაც გინდა, გაძლევ უფლებას...
ოღონდ არ გახდე მოკაზმული
არარაობა.
1955 წ



* * *
ისევ გავენდე გულით მთაწმინდას,
ვიარე დიდხანს, ვიარე ნელა.
ცა უსასრულო გზნებად მაწვიმდა,
მიწა მივლენდა მიწიერ ღელვას.
მიხმობდა ქუჩა, მიხმობდნენ ხენი.
ჩემივე გული მიხმობდა გარეთ.
მზე დადიოდა მიწაზე ლხენით
და შეჰხაროდა გახელილ თვალებს.
გარდაუვალი ნათლის მფრქვეველი
მიმზერდა დროში ჩაკირულ სტუმარს
და რაღაც სახელდაურქმეველი
დამატარებდა ქუჩაში ჩუმად.
1960 წ


* * *
მე ვიყავ ერთი უბრალო ბავშვი:
სუსტი, ფერმკრთალი, გამოუცდელი...
ფიქრი მითრთოდა ცხოვრების ქარში,
როგორც სუფთა და თეთრი ფურცელი.
მერე მოვიდა მკაცრი დღეები,
სივრცეს მოედო უმწეო ფერი, _
ომის და ნგრევის საშინელებით
გაწამებული ბავშვური მზერის.
გზებზე ჩასაფრდა შიში მაცდური,
ჩაკეტა არე სწავლის, ძიების,
უარჰყო ჩემი სწრაფვა დაცული
უსათნოესი ხილვის მთიებით.
სახეს სიმაკაცრე შემომასია,
ტვინში ჩამიწყო გლოვის აფრები,
ყველა ფარდები დაბლა დასწია,
გადააშავა ფრთების საფრენი...
ასე თანდათან დადუმდა გული,
და ახლაც კვდება თითო რამ ჩემში,
ფიქრი განუცდელ სიხარულს უვლის,
მიუწვდომლის ხმა შორიდან მესმის.
ასე ვარ, მაგრამ იმან კი არა,
მე გავიმარჯვე და, აი, რატომ;
განწირულს სულში ჩამეზიარა
ურყევობის ხმა ყველაზე სანდო.
გზა მივაჩვიე სივრცეს მიუვალს,
გლოვას ვარიდე მოუგლოველი,
რაც კვდება ჩემში ყოველდღიურად
უმჯობესისთვის კვდება ყოველი...
1962 წ




* * * 
ო, დიოტიმა!
ძალიან ხომ არ გადაიღალა
ჩვენი პლანეტა?
იქნება დროა, ეს მზის ოჯახი
რომელიმე სხვა, უფრო გონსრული
სისტემის პროვინციად გამოვაცხადოთ?
ურჩიე ევროპის სულს
დიოტიმა _
მოეშვას პატრიარქატის მამრულ დიდებას
და პირველობაზე ტრაბახს,
არ არის იგი საპირველოდ
ჯერჯერობით გაღვიძებული.
1963 წ


* * *
იგი ზის ჩრდილში
ხუთიათასი წლის წინ დაწერილ
ერთი უცნობი პოეტის ლექსს
კითხულობს ჩუმად.
ჯადოსნურ ფერებს აფათქუნებს
დრო შორეული...
დამთავრდა კითხვა!
მომავალი ხუთიათასი წლის გადაღმა
გაიელვა ფიქრმა უეცრად.
ერთი ყმაწვილი იქაც ზის ჩუმად.
მის ნარუდუნალს დასცქერის გულით
და იღიმება...
ჟამიდან ჟამზე გადასული
ნათელი კრთება...
1958 წ


* * *
ლაჟვარდში წვეთავს სევდა ცვარივით.
გაჟღენთილია ჰაერიც სევდით;
დღეს ტბაში გედმა დაჰკარგა ცალი,
ხვალ შენ მოგელის იმისი ბედი.
ხვალ შენი ტოლი და მომღერალი
ჩაინავლება ნისლის მორევში,
მასაც წაიყვანს წერათმწერალი,
არარსებობის სიმყუდროვეში.
1963 წ



* * *
დადიხარ ასე ჩუმად და წრფელად,
ხელში წიგნით და სულში ლექსებით,
უახლოვდები შენსავ თავს ნელა,
ახალ მშვენებას ეალერსები.
ზეცაა შენი ფიქრის თავმდები,
შენს დამწიფებას ღმერთი მოელტვის,
უცნობი სივრცის მზეს ელანდები,
ყოვლად უცნობი ერთი პოეტი.
1952 



დედაბუნების საგალობელი
უხანგრძლივესი დროის ამბავი უნდა ვიგალობო,
ცა და ხმელეთზე ყველა ამბავის
დედა ამბავი უნდა ვიგალობო.
ჩემი გზად გასვლის, ხეტიალის,
პირველ გამხელის
უშორესი ამბავი უნდა ვიგალობო.
დაღონების ჟამს ჩემი გული ითხოვს გალობას.
როცა ცალ-ცალკე მცენარეებს ვქმნიდი მიწაზე
და ტან-რტოებით, ფოთლების ფრთებით 
ვაჩუქურთმებდი
ეკალს და მაყვალს, მარწყვსა და ჭინჭარს,
ძელქვას და მუხას...
ჩემზე მონდობილ სიცოცხლის სუნთქვას
ჩემი სურვილით ვაღვიძებდი და...
უდიადესი იყო ქმნადობა!
როცა ცალ-ცალკე ვქმნიდი მწერებს,
მყარზე მცურავებს და ცხოველებს,
თვითონ ჩემთვისაც მოულოდნელ მოზაიკებით
ტანს ვუმშვენებდი გველს და ღრიანკალს,
ლომსა და ვეფხსა, შველსა და ირემს,
მგელსა და ტურას, ცხენსა და ზებრას
და თვისებებს ცალცალკეულს ვავლენდი მათში _
უდიადესი იყო ქმნადობა!
როცა ცალ-ცალკე ვქმნიდი ფრინველებს,
ულამაზესი ფერების ქსოვილს უხვად ვფანტავდი
მათი სამოსის შესამკობელად,
ვაგვირისტებდი მგალობლებსა და მოყრანტალეებს;
ბულბულს, ბეღურას, მტრედს, მაჩქათელას,
ყორანს, ფარშევანგს, მერცხალს, შოშიას...
უდიადესი იყო ქმნადობა!
თავდაპირველად, როცა შევქმენ
უთვალავი სამყაროები,
უმშვენიერეს მანათობლებით
როს დავასახლე უსაზღვროება,
ლაჟვარდოვანი კრეტსაბმელებით
უკიდეგანო სივრცეები
სამყაროებს შორის როცა ავალივლივე,
როდესაც ხელის ერთი ბიძგით დავუწესე
მოძრაობის, მიმართულების არეები
ზეციურ მგზავრებს,
უსასარულობის საფუძველი როცა მოვზომე,
ანასახებით როს დავამშვენე მარადისობა,
და სახოვნება როს ვუსახსოვრე
დრო-ჟამს თვისებად _
უდიადესი იყო ქმნადობა!
მაგრამ როდესაც ცალცალკეული საწყისების
მოვამთავრე შექმნა, შემკობა,
როდესაც ყოვლის ულამაზესის
გამოვლინება მომთხოვა სულმა,
სრულყოფილების ნათელ ხატებას,
მთლიანს, ერთიანს,
სწორუპოვარი სახის ქმნილებას
ჩემი შეძლების სათავეებთან როცა მოვუხმე,
გონიერების სახოვანი გამოვლინება
როდესაც ვცადე,
სიღრმე გაიხსნა უსაშველო და წამიერად
მანამდე შექმნილ არსებათა ყველა ტვისება
გაიპარა იმ სადინარში,
სადაც ის იდგა ტანშიშველი და მოელვარე...
უმშვენიერეს ქმნადობის შედეგს
ძნელგანსაწმენდი გამოჰყვა მწიკვლი.
მას შემდეგ ვღელავთ, ვბორგავთ, ვილევით
მე და ჩემი შორსმაცქერალი ნაშიერი 
განჯგონებული.
მირიად ტკივილით, მირიად ჭრილობით
ვტანჯავთ ერთმანეთს.
დაირღვა ჩვენი ურთიერთობა და მე არ ვიცი
ხვალისათვის ის რას მიმზადებს,
მანაც არ იცის სახვალიო განზრახვა ჩემი.
ხშირად, სულ ხშირად ჩვენი სწრაფვა
ერთურთს შორდება, გზა იხშობა და...
ერთ და იმავეს ვიმეორებთ სხვადასხვა ენით.
ათასნაირი უბედურების ტევრში ვწრიალებთ,
ცრუდ მოციმციმე უთვალავი სინათლეების
მიღმა ერთ მართალ ნათელს დავეძებთ
და ვემზადებით მუდამ ახალი სივრცეების
გამოსაცდელად.


ადამიანად დავაჩნდი მიწას
როცა არავინ არ მელოდება, მეც არვის ველი, _
ფიქრებით ჩემივ თავიდან გასულს
ხმელეთზე, ცაზე ხეტიალი როცა გადამღლის,
ხილულისა და უხილავის ცრიატ მიჯნებზე
დგომით და მზერით გულს რომ ვიჯერებ, _
შემოვბრუნდები ჩემი არსების სანახებში;
როგორც ფუტკარი საღამო ჟამს
ნექტარის ძებნით, ფრენით მოღლილი
თავის ბინაში შეცოცდება, უჩინარდება,
ასე შემოვალ, _ თვალის და ფიქრის ერთიან მზერით.
ჩემი ნერვების ხვეულებში,
ჩემი არსების არსებაში სამოგზაუროდ.
აქაც სამყარო იშლება მთელი
თვითონ ჩემთვისაც ჟრჟოლისმომგვრელი,
აქაც სივრცეა ლურჯი იებით,ზეცაა,მზეაა...
დაუთვლელი შუქმოციალე ვარსკვლავებია,
ვრცლად გადაშლილი ველებია, _
უფსკრულები ნაბავენ თვალებს,
მიჩქრიალებენ ჩანჩქერები თეთრი კლდის პირით
მდინარეთა და ნაკადულთა მიმობურულ ნაპირებს
ზემოთ
მდუმარედ დგანან ბნელი ტევრები.
ხელუხლებელი ყამირები თვლემენ გვალვაში.
მიღმა გახრეკილ უდაბნოებს უშრებათ ბაგე.
ფერდობის ძირას ლაჟვარდეული სინათლის ფრთებით
ყელყელაობენ პატარ-პატარა ყვავილები
ფერადფერადნი.
თვალსაწიერზე შავი ღრუბლებით დაფარული ტყე 
იმზირება...
ტყეში კი, როგორც ყველა დიდ ტყეში,
აურაცხელი ცხოველები და ფრინველები
დაყიალებენ;
უშქარი, უშტი მტაცებელი დაიზმორება.
აქ ადრე მახსოვს, მგელი დაძრწოდა,
მორიელი დაცოცავდა ზეხმელის ბნელ 
ფუღუროებში;
ხანდახან ლომიც გამოჩნდებოდა კმინვით, ზმორებით.
თავდაკარგული გარბოდნენ მაშინ შვლები, ირმები.
თაფლის ამაო ძიების შემდეგ
დათვის ბურდღუნი მოისმოდა ღამის უკუნში.
ხეების მერხევ წვეროკინებზე
ფრინველები გალობდნენ ხშირად.
მტრედების გუნდი შეესეოდა
მოკრიალებულ ზეცის თავანს ზაფხულის დილით.
დღეს ჩემი მზის და ჩემი ზეცის სასიხარულოდ
ყველა ცხოველი დამშეულა,
სიკვდილის პირას მიმდგარა ყველა.
როს დამლანდავენ, _ წამოჰყოფენ თავებს მუდარით.
ხმისგაუღებლად შემომცქერიან,
მთხოვენ თვალებით,
გადმოგვიგდეო ხემსი რაიმე,
მაგრამ მე მათთვის, სიმართლე ვთქვა,
საზრდო ერთგულად არასოდეს არ მიზიდნია.
არა და არა! _ ვაცხადებ ახლა საბოლოოდ.
ყველა ისინი სულს ღაფავენ და მე ვზეიმობ...
ჩემს ხმაში ახლა აღარ ისმის მგლების ყმუილი,
მორიელები არ დაცოცავენ ჩემს გუნებაში,
არა ჩანს ლომი...
ფრინველის ჭრინვას აღარა ჰგავს ჩემი გულის ხმა.
გამოვეყავი ცხოველურ საწყისს,
ჩემი ღირსი სახე მივიღე,
ადამიანად დავაჩნდი მიწას...
* * *
_ მაინც ვის უნდა ჰგავდეს პოეტი? _
სხვათა შორის ჰკითხა სტუმრებს
პოეზიაზე უთავბოლო ლაპარაკით გაბეზრებულმა
პოეტმა ერთხელ მოძმის ოჯახში.
`პოეტი?! _ მეზღვაურს უნდა ჰგავდეს!“
`პოეტი?! _ მოთხილამურეს უნდა ჰგავდეს!“
`პოეტი მთამსვლელს უნდა ჰგავდეს,
მწვერვალების ამაყ დამპყრობელს!“
`არა! მშრომელ კაცს უნდა ჰგავდეს,
მხვნელსა და მთესველს და სხვას არავის!“
`პოეტი სამყაროს უნდა ჰგავდეს,
სამყაროს უნდა ჰგავდეს პოეტი!“
ჩამოთვალეს და გაჩუმდა ყველა.
`პოეტი უნდა ჰგავდეს მზეს... მზეს... მზეს!
აი, პოეტი!“ _ თქვა ბავშვმა და
ქაღალდზე ფანქრით დახატული
უზარმაზარი ბარჩხალა მზე ასწია ზევით.



* * *
დაისის ბინდი შემოგარენში გროვდება ნელა,
მოუელამდა, მოენისლა მზეს ჭრუტი თვალი.
შეღამების წინ დუმს ყველაფერი
და იდუმალი ისაკუთრებს ფერი ყველა ფერს.
დგას ვაშლის ხესთან თეთრი ძროხა
მოწყენილი, მძიმედ მქშინავი;
მინებებული, მინდობილი
დედაჩემის ნაჯაფარ ხელებს.
და ჩამოქნილი კინთებიდან გადმოდენილ
ქაფქაფა სითხეს
საწველელში ჩააქვს მთელი სიცოცხლის სევდა.
ადამის ტომთა მარჩენალი
მოღუშული უმზერს ნაშიერს.
მისი თვალების ფერია სივრცეც
ავლჩაფენილი.
სადღაც შორს დადის ჩემი ფიქრი,
ჩემი ოცნება;
პირუტყვისა და პირმეტყველის
შეხვედრას პირველს
ვუმზერ და მესმის საბელების
წივილი ქარში.
უხსოვარ დროდან, ერთ უსიამო
წრეში ვტრიალებთ სიამოვნებით.



* * *
ღამეულ ზეცას ვუმზერ პოეტის
და არა ასტრონომის თვალებით;
იქ ვარსკვლავები სივრცეს ტოვებენ
და მიჰკივიან ახალ ბილიკებს.
შექმნის პროცესში მარადიული
გარდაქმნების და გარდასახვის ხმა
ყველა ხმის უკან ისე დგას, როგორც
გაუვალ ტევრში მღიმარე ბავშვი.



ატომური ბომბის პირველი გამოცდა წყალქვეშ
ცუდად ეძინათ წუხელ თევზებს ოკეანეში,
ცუდად ეძინათ, გრძნობდნენ რაღაც წარმოუდგენელ
სიზანტესა და გაურკვეველ მოთენთილობას.
ეს იყო გუშინ; ჩამოვარდა დიდი მნათობი,
მოულოდნელად ჩამოვარდა და დაიშალა
ფოსფოროვანი ციალით და დადნა სხივებად.
დაბრმავდა თევზი უამრავი, დიდი და მცირე,
ბევრი, ძალიან ბევრი სულაც არა ჩანს, გაქრა...
თვალახელილნიც ბლომად დარჩა, მაგრამ ყველანი _
გრძნობენ რაღაცას ავბედითს და ჩუმად უვლიან
ერთმანეთს ირგვლივ, სიხალისე გამქრალა მათი.
ჩუმად არიან თევზები და დარდობენ ჩუმად...



სარკე
პატარა სარკევ, თვალმახარავ, საცოდავო.
მაგიდის კუთხეში, ძველ წიგნებს შორის
პირქვედამხობილს
ნაცრისფერ ზურგზე მტვერი გედება.
გაუქმდა შენი მოვალეობა
და შენ თვისებებს კარგავ ნელი-ნელ.
ყოველთვის, როცა წაგაწყდება
ჩემი მოღლილი თვალების მზერა,
მე ჟრჟოლა მივლის აუტანელი...
შენი მფლობელი სად წავიდა?
სიხარულს აჰყვა?
თუ ცდუნებას საბედისწეროს?
არ იცი? არა?
ან არ არის მაცდენელი,
ვის შეუძლია გვითხრას გარკვევით?
სად არის გზა, ან ბილიკი.
ან უფრო ნათლად რომ მოგვეჩვენოს,
სად არის სხივი, ამ უსასრულო
შუქთა ბადეში ჩაქსოვილი.
ერთადერთი უმართლესი სხივი სადაა?
გულისგულამდე მიმავალი სხივი სადაა?
რომ მოვიშოროთ ყველა ძაფი
მეორეული სინათლეების
და მხოლოდ იგი, მხოლოდ იგი
მოვიცალკეოთ...
ხელი ჩავავლოთ, ჩავეძიოთ,
ბოლომდე ჩავყვეთ...
საგნებისა და საკითხების ირგვლივ
ფრენას, ფარფატს მოვეშვათ!
პატარა სარკევ, თვალმახარავ, საცოდავო,
ძალიან მინდა, ხანდახან მაინც
მოვიდე შენთან, მოგაბრუნო
და ჩაგხედო ანაზდეულად.
მაგრამ ყოველთვის, როდესაც
ამას განვიზრახავ, შიში დამივლის:
ქნება სახე, მისი სახე
შენს სიღრმეში შემონახული
წამომელანდოს...
და ამნაირად გადის ჟამი,
გეცრიცება, გეცვლება ფერი,
მაინც ცეცხლივით საამო და
წმიდათაწმიდა
ურთიერთობა სუფევს ჩვენ შორის.



გზაზე
ჭაღაროსანი სამყაროს სუნთქვის ჩუმი მსმენელი,
ალვების ჩრდილში თანთანაზე მიდის ხნოვანი, _
მზერით უჭირავს დაქანცული სივრცეების
ცახცახა სული.
გზის მოსახვევში ღრიანცელი დგება უბირი:
_ გენიოსია, გენიოსი! _ გაჰკივის ხალხი
და უწვერული ჭაბუკი მოჰყავთ
ხელჩავლებით და ჯიკავ _ ჯიკავით.
ვინ არის მაინც გენიოსი?
შემავლებინეთ მეც თვალი ერთხელ;
თქვენი სიცოცხლის მადლს გაფიცებთ,
თუნდაც წამიერ დამანახეთ მეც მისი სახე.
ფიქრობს მგზავრი აგზნებული ცნობის წადილით.
ჭაბუკი ისე ყინწორაობს და იმნაირად ახელს
თვალებს, _
სურს მთელი სივრცე, _ ცა და მყარი მოიქციოს
თვის სახედველში
და რა თქმა უნდა,ამ სურვილის იქით იგი
ვერაფერს ხედავს.
ჭაღაროსანი, სამყაროს სუნთქვის ჩუმი მსმენელი,
ალვების ჩრდილში თანთანაზე მიდის კაცი
ლანდადქცეული
და უსმენს ამ ხმებს.
მეორე მხარესაც იძვრის გზა და მტვერი მაღლდება.
ქალიშვილების მხიარული კივილ-ტკარცალი
ედება არეს.
მერე თანდათან იწმინდება და სახეს იღებს
ეს მოძრაობაც უსახური.
აქ ცისფერთვალა ნინველა მოჰყავთ
ხელში მსუბუქად ატატებული:
_ აი, ნამდვილი გენიოსი.
გენიოსთა გენიოსი ჩვენში, ჩვენს შორის-
აცხადებს მათი წინამძღოლი....
გოგონა მშვიდად ნაბავს თვალებს
და ნაამარი იღიმება.
არავინ იცის, სად დაფრინავს მისი ოცნება,
რასა გრძნობს, ანდა რას ხედავს იგი.
ჭაღაროსანი, სამყაროს სუნთქვის ჩუმი მსმენელი
ალვების ჩრდილში მიირწევა მხედველი კაცი
და ფიქრობს ასე
ეს ჯერ მგზნებარე სხეულია, ცვილივით რბილი, _
უძნელესია ასეთ სხეულში დაწმენდა ნიჭის,
შემოქმედ ნების დაუნჯება!...
აგერ მესამე ჯგუფი უფრო ხმაგასმენილი,
გამოჩნდა გზაზე:
_ ყოვლის მცნობელი და მგრძნობელი ეს ყმაწვილია,
აი, შეხედეთ, რა საოცარი ენით უბნობს.
როგორ მეტყველებს! _ 
ძახილ-ძუხილით ჩაუარეს ნელა მიმავალს
და უცნაური აღტყინებით ჩააყრუეს არე-მიდამო.
_ არა, კარგებო,
დედამიწაზე გენიოსებს ასე არ ბრილავს
გაჩენის მადლი.
თქვენ ის გგონიათ გენიოსი,
თქვენზე ცოტათი უკეთესად ვინც გამოხატავს
ვნებებს და ფიქრებს?
ცდებით, კარგებო, დამიჯერეთ, უსმინეთ წარსულს, _
ხედავთ რამდენი საუკუნე სწუხს იმის გამო,
რომ მას ნამდვილი გენიოსი არა ჰყოლია?..
აქ, ამ მიწაზე, ამდენ გენიოსს
ახლა ერთად ვინ შეგვიყრიდა?!
წვლილვას და რუდუნს გაუერთგულდით,
გადააჩვიეთ დასაბამიერ რიოშ ცმუკვას გული, გონება.
პეპლებს ნუ დასდევთ,
ფერად ბუშტებს ნუ ათამაშებთ....
ჭაღაროსანი, სამყაროს სუნთქვის ჩუმი მსმენელი,
ალვების ჩრდილში თანთანაზე მიდის მცნობელი,
მიფუსფუსებს თავისთვის ასე
და დაქანცული სივრცეების ცახცახა ფრთები
უჭირავს მზერით.


ჩემი სოფელი
აი, ადგილი, სადაც ვიშვი,
სადაც პირველად ავიდგი ფეხი!
პირველი ბგერა, პირველი სიტყვა,
პირველი სახე სადაც ვინიშნე.
ჩემი მდინარე ისევ ისე დის
მოლივლივე,
ჭალებში ისევ ისე დგანან
კაკლის ხეები.
თბილია არე და უნიშნო
ცვლილება მცირე.
მივდივარ ჩუმად, ჩუმად, ჩუმად
და მელანდება მამის სახე
აქ დარჩენილი,
რომელსაც ქვეყნად ვერასოდეს
მზე ვერ შეხედავს...
ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთიც
ახლოა სადღაც, _
შეუმჩნევლად შემორჩება ჩემი სახეც
ამ მყუდრო სივრცეს
და ერთი კითხვა მაწვალებს ხშირად;
უნებლიედ წამოვცდით მართლა
კოსმიურობას,
თუ მისი წმინდა სურვილია
სიცოცხლის ფეთქვა?


ჩვეულებრივი სოფელი
ღამდება,
სოფელში აანთეს ნათურები,
ელექტრონის მავთულებს აწვალებს ქარი.
ქარი თოშავს ყველაფერს.
მივდივარ გზაზე, _ მარჯვნივ და მარცხნივ სახლებია.
ფიქრს აინტერესებს აქ მობინადრეთა ამბავი,
მათი ვინაობა, და მათი რაობა, _
მათი ვინაობის ვინაობა და მათი რაობის რაობა, _ 
ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად
მოძრაობს ჩემი ფიქრი,
მე კი არ წარვმართავ მას,
იგი წარმმართავს მე თავის ნებაზე.
მეც მიხარია ამგვარი მიყოლა, _
როდესაც ენადაუმაგრებელი ბავშვივით ტიტინებს იგი:
_ აქ უჭველად ცხოვრობს ერთი სილამაზე,
უცოდველი ქალიშვილის სახით,_
_ უსაზიზღრესი სიმახინჯეც დაბორიალობს
მიკიოტივით გამკივანი, _
_ ცხოვრობს ნამდვილი ბედნიერება
ბავშვის თვალებით მომზირალი, _
_ მზერაჩამქრალი,სმენადახშული მოხუციც დადის
და მიითვლის დაღლილ წუთების უამურ ბჟუტვას, _
_ ცხოვრობს მომავლის სიხარული,
ფეხმძიმე ქალი, _
_ ცხოვრობს კაცის მკვლელი და არამზადა! _
_ კარიდან კარად დაიარება
სილაღე და პატიოსნება, _
_ გველივით დასლიანებს მაცდურობა და 
ქვეგამხედვრობა, _
_ დაგორავს ნამდვილი ფულის ტომარა, _
_ ცხოვრობს ჭკვიანი სულელივით და
ჭკვიანივით ცხოვრობს სულელი, _
_ გასიებული დარდი დაცურავს ღრუბელივით
სახლების თავზე, _
_ აცმუკებული სიხარული
ასკინკილით გარბის ყინულზე, _
_ აქ ყველაზე მეტად ცირქინს სცემენ პატივს,
ცირქინს და ღინცილს, ერთმანეთის გატრიზავებას,
ცილისწამებას,კილვას და ჭორვას. _
_ საიდან იცით თქვენ ეს, საიდან? _
მომკივის ქარი.
_ ყველა სოფელი ასეთია და...
ხომ მართალია? _ ბუზღუნებს ფიქრი,
_ მართალია და მეტია კიდეც, _
ქირქილებს ქარი და თოშავს ლანდებს.


* * *
ცას შენთებული შენი სურვილი
ისევ შენგანვე იღებს სათავეს,
გულისგულში თვლემს 
გაზაფხულივით
უცნობი შუქის ის სისადავე, _
რასაც ამდენი ხანი ეძებდი,
ეძებდი ჩუმად და ილეოდი,
გეგონა ნათლის შექმნას 
შესძლებდი,
შორეულ ნათელს შეეწეოდი.
და მოდიოდი, სულ მოდიოდი,
და შენი ფიქრი ცას შეჰკიოდა,.
სამყაროების სუნთქვას სტკიოდი,
უსასრულობის სევდა გტკიოდა...
აჰა, თანაბრად გაშლილი სივრცე,
ჰა, თანაბარი თვალსაწიერი!
ოცნება ისევ მიგაფრენს ცისკენ,
გაოცებული გიკრთის იერი.
რასაც ესწრაფვი და ესწრაფოდი,
ის შენზე ასწილ მეტი სიჩქარით
მიქრის სივრცეში და შენ გაბოდებს
კოსმიურ სიზმრის ერთი მისხალი.
მთვარეულივით მიბორიალებ,
თვალუწვდენელის ხმები მოგესმის.
რა არის შენი, გზად მოწრიალევ,
ამ მიუწვდომელ-მისაწვდომელში.?!



* * *
ოკეანე იყო შავი ღამესავით,
ღამე იყო ყორანივით შავი.
იდგა კაცი ვარსკვლავების ნათესავი,
მარტოსული, მოწყენილი, მწყრალი.
უხმაუროდ იდგა სივრცე ხორკლიანი,
უხმაუროდ იდგა კაციც წყალთან.
ღრუბლიანი ღამის _ შავი ოკეანის _
შრიალებდა იდუმალი კალთა.
იდგა კაცი ვარსკვლავების ნათესავი.