პოეზია

ანა ჯავახიშვილი – ლექსები

 ***
 ადგნენ ცოლები,
 ხალათებში დამალეს ფრთები,
 თვალები ღილის შესაკრავში გამოაძვრინეს.
 გზები, ფარდებზე გამოქსოვილ მინდვრების
 ზოლში ჩაატიეს და შეინახეს, როგორც სანიშნე.
  
 ყვავებს სულები აწვალებენ, ისე ჩხავიან
 და ღია წრეზე დანთებული სანთლების ბოლზე,
 ფანჯრიდან სულებს აცოცებენ წითელთვალიანს,
 თანაც ზვერავენ პირებამდე
 ხომ ცოცხლად მოვლენ.
  
 (რწევით და რწევით
 ქოშინით, დუჟით
 მოდიან
 კედლებს ბუზები ფარავს.
 რკინის ნალი კი
 დედაბერივით მიყუდებულა
 სარდაფის კართან).
  
 აქ ყველა სული,
 უკვე ორმოცს მიტანებული,
 რომლებმაც გზები ვერ გაიგნეს
 და ვერც იწამეს.
  
  
 სანთლების ბოლზე და შიმშილის
 ხმაურით ცლიან
 ქალების ყელს და ამობურცულ
 რძიან ნიკაპებს.
  
 და ასე დგანან უცხო სულით
 სავსე ქალები.
 შიში ამოსდით ხალათიდან.
 ფრთებიც სველია.
 გარეთ კაკლები შრიალებენ ყვავის სიმღერას,
 თვალები ღილის შესაკრავში უკან ძვრებიან.
  

 ***
 აქ უთვალებო ობობებიდან დადიან
 ძაფები, წრიულად აბამენ. ძვრებიან
 წვეთები ნესტიან კედლიდან,
 ძაფიდან ძაფამდე.
  
 აქ, სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებიდან ქვემოთ
 ცვივიან ლოლოები - ზამთრის ჩიტები და ქვის
 სახლიდან სარდაფამდე მიწის ხიდია და
 გადადიან აქ ცოლები -
 დახუფული სარჩოები.
 ცივ სარდაფებში ობის სოკოებს ზრდიან,
 უვლიან და შიშისაგან თეთრი სისხლი
 სისხლზე თხელია, ხელის გულიდან
 ჩამოხსნილი ბედის ნიშნები
 ქირომანტია ან ქარია,
 ანდაც ქარშია.
  
 ხან სრიალებენ მოაჯირიდან ღამის ჭინკები.
 ტანში ძვრებიან ნესტიანი ობების გავლით
 და წამით შიში - დახოცილი ობობებია,
 საკუთარ ქსელში ძაფებით რომ
 მოიკლეს თავი.
  
 აქ სიბნელეში, ქვის წრიული კიბეებია. ქვემოთ
 ცვივიან, გადმოყრილი ბარტყები დედის.
 და ქვის სახლიდან სარდაფამდე მიწა ცივია,
 კედლებზე ობად გაზრდილ სიკვდილს
 თვალები ეწვის.

  
 ***
 იქ კვამლი ჩანს,
 ბოლიან ნისლებიდან ტოტებს უჩანთ
 მკლავები და კისრები.
 მოდიან ცანაპირალ ფოთლებიდან
 წვეთები და ჩამოლბა.
  
 გალობა.
 ეგ უბგერებო გალობაა, ნუ მღერი.
 ეგ უბგერებო გალობაა, რომ გაშინებს.
 გადმოვა,
 მთელი ხროვა ჯადოქრების მოდიან.
 მოათრევენ მგლისქონიან დანას და.
 ნახშირს არა,
 ბუტბუტით წყალს დანაყავ
  
 გიშერს არა,
 ბუტბუტით წყალს დანაყავ.
 შიშებია ყელში ქვები კირქვები,
 მუცელში რომ ბევრი შვილი ჩაგისვეს,
 ქარისკენ უმკლავებო მძიმე მოსასხამები
 მიშვერილი გაქვს, რომ იქნებ ქარითვე
  
 გაიქაროს შიში შენი მუცლიდან,
 კაცი წითელწვერება რომ დარაჯობს,
 ნუ უმღერი უბგერებო გალობას,
 ხელზე შებმულ ეშვებიან სამაჯურს.
  
 ქარისკენ უმკლავებო მძიმე მოსასხამები
 მიშვერილი გაქვს, რომ იქნებ წაიქცე,
  
 რომ თვალები აღარ გქონდეს შიგნიდან
 და უფხიზლო ჰიპნოზებში ჩაგთვლიმოს.
 მგლების ქონებს საფეთქლებზე ისრეს,
 მამლებს სძინავთ ქანდარაზე ალიონს
  
 არ აყივლებს. შიშში გიწევს სახსრები,
 მზე და მთვარე არ ამოგდის, ბოლიან
 ნისლებს უჩანთ კისრები და რას ელი?!
 ვეღარ გახვალ, გვიანია, მოდიან.
  
 დაბლა ხარ, ლილიას, ცა ღილია. გამოაძვრინე ერთი ცალი მაგ კვართიდან თუ ხალათიდან.
 ვიცი, ნაჭრიდან მოგდის დუჟი ჰო, ლილიას. გაიძრე დედის
 დართული მავთულებიც მაგ კანჭიდან, გაიძრე ლილიას ეგ წინდები,
 რა წმინდანი ლილიას, იმ ბატკნებსაც უყვართ მატყლის მპენტავები
 ბეწვს იზრდიან. შენ შიში ხარ. შიშში დამბალი მარცვლებივით
 გაზრდილი უფრო, ვიდრე შიშია. უფრთოა შენი ნათლია და
 ის არ კიდია ჭერში, ის შენზე დაბლა ჩამოკიდეს შიშის
 წვერებით-ბაბუებმა, ტომის კაცებმა და ტრიალებენ
 დოლებით და დიდი ხელებით ხმებს უშვებენ
 როგორც სჩვევიათ. რა ბევრია ეს შიშისთვის,
 ვიცი, ლილიას. არ დათვალო ეგ გიშრები
 - შავი შიშია. ეგ შავი სიკვდილია.
 ლილიასი ითვლის თითზე, გიშრებს კიდებს რკინის ნალზე. ახალშობილ მთვარეს იწვენს
 ნამგალივით ხერხემალზე. ძილისპირულს უბუტბუტებს სარდაფებში ღია თვალებს:
 ძილისასა მიწისასა, შიში ძილინებისასა, შიში ძილინებისასა, ყველას
 თქვენი შიშისასა. ძილი მიწას - მიწას ძილი, სარდაფიდან ხმები ისმის:
 შიში ძილინებისასა.
 შიში ძილინებისასა
 დაბლა ხარ, ლილიას, ცა ღილია. გამოაძვრინე ერთი ცალი მაგ კვართიდან
 თუ ხალათიდან. იქნებ, მოგიკვდნენ შენც თვალები - ბოლო ლილიას
 და სარდაფიდან სარდაფამდე მიწის ხიდიან გზაზე დაგრჩა
 გახელილი. ჰო, ლილიას, როგორც ბოლო მეთოჯინის
 ბოლო მასალა, უთვალპიროდ დარჩენილი რომ
 სდუმხარ და დაგცალა თვითონ სულმა და
 თითებს იჭამ და უბგერებოდ გალობ:
  
 ღმერთებო, შეხედეთ! თოკით მიათრევენ
 დედები ადგამენ ჩვენს წითელ სამარხებს,
 ქვებს წვავენ სიტყვები, უხმოდ დაწერილი,
 ჩამოდი სარდაფში, იქ სადაც დამმარხე.
  
  
 ქირომანტია
 უბრალოდ გაითვალეთ, რომ კენჭი ყაროთ.
 ყირაზე ნუ გადახვალთ, ქვებიც ყრია.
 აი დიდი ცეცხლი უკიდეო. წრეს
 ვერ შემოუვლით წაკიდებულს -
 ის უღრანია.
  
 უნდა გადაახტეთ, რომ გაიაროთ. თმები შეიკარით,
 აქ ქარი არის. ცეცხლის თითები კი არეული
 თავისი ნიშნებით ლაპარაკობს.
  
 არადა, გოგირდის ტბებთან ახლოს სხვა ბედის ქირონები
 ქანაობენ. თქვენ კი გაითვალეთ სათითაოდ,
 საით მიფრინავენ წეროები?
  
  
 შვილი N2
 ამოკერა ხალათი დედაჩემმა. ასე აიჩემა -
 ღილები თვალებს მჭრისო და დააჭრა
 ძაფები მზეებს.
 რაებს არ ამბობდნენ მოტრიალე ქალები,
 გამალებით ავლებდნენ წყალში
 თეფშებს და ვიშვიშებდნენ.
 ხორბლები, კალმახები და ქიშმიშები
 თევზებივით დაცურავდნენ
 მუცლიან ტაშტში.
 ფშატის ფოთოლს გავდა დედაჩემი. ფშუტე,
 აჩემებული უღილებო ხალათით
 და ხილაბანდით.
 ხან ვიხილები და მოვდივარო, წამოიძახებდა
 ძილში და ეძებდა თაროებზე, კარის უკან,
 ჩარბოდა სარდაფში და არაფერი...
 ხან, მუცელში რაღაცა გამიწყალდაო და წყალივით
 სდიოდა ოფლი. სოფლის ექიმბაშმა სულს ვერ
 ვხედავ, სული აღარ აქვსო.
  
 მაშინ არიქაო! მეორე შვილის გადავუნერგოთო.
 მოიმარაგეს იარაღები: ნიჩაბი,
 ცელი, ნამგალი... მე კი,
 დამძვრალი კბილებივით მტკიოდა მისი ღილები.
 დამალობანა და გალობანი, თუ ბუტბუტით შელოცვები.
 შემოულამბავი ხილაბანდი და „ვიხილები“. უხელებო ფათური
 სარდაფებში და მორჩენილი ქელეხის ლობიო - სავსე ვედრო. თან
 ღილებს დავდევდი ღმერთო, ჩემი ნახევარი სულით, გაკვანძული თავსა
 და ბოლოში, რომ ვერ მიიღო და შეითავსა დედაჩემმა. ასე აიჩემა და დღემდე
 ასეა. ერთ ძაფზეა ჩემი ღილებიც ... ის კი... იხილება და მოდის, იხილება და მოდის.

  
 ფოტოკადრები

 ***
 შენ ყოველ ჯერზე
 ძილის წინ პირჯვარს სხვებისგან
 იწერ, ეშმაკს აფურთხებ.
 მე ყოველ ჯერზე ვწვები პირქვე
 სახით მიწისკენ.
  
 ***
 ზამთრის ღამეში
 ეშმაკი გაიყინა და
 თმა მივაფარე.
  
 ***
 დილას შიშველი
 ლურჯ ქვაფენილზე წვიმს,
 მე მგზავრებს ვაცინებ.
  
 ***
 ობოლი რკინის თევზს
 დაიჭერს და ცრემლში
 გაუშვებს.
  
  
  
 ***
 ბავშვობაში, პლასტმასის თევზებს
 მიწაზე ცურვას ვასწავლიდი.